-
Aa
+
ფონტის ზომა
კლივლენდ კავალიერსი - დეტროიტ პისტონსი 4:3
სერიის გადამწყვეტ, მე-7 მატჩში კავსმა სტუმრად ნამდვილი შოუ მოაწყო და აღმოსავლეთის პირველი ნომერი, 60 მატჩის მომგები დეტროიტი 125:94 გაანადგურა. დონოვან მიტჩელმა (26 ქულა), ჯარეტ ალენმა (23 ქულა), სემ მერილმა (23 ქულა) და ევან მოუბლიმ (21 ქულა) გუნდი კონფერენციის ფინალში გაიყვანეს. სატრანსფერო ფანჯრის დროს ჯეიმს ჰარდენის დამატებამ კლივლენდს ზუსტად ის ძალა მისცა, რაც აქამდე აკლდა. პისტონსისთვის ეს მძიმე დარტყმაა, თუმცა ახალგაზრდა გუნდმა კეიდ კანინგემის ლიდერობით სეზონში მოლოდინს მაინც გადააჭარბა.
ნიუ-იორკ ნიქსი - ფილადელფია 4:0
ნიქსმა ფილადელფია უშანსოდ, სერიაში 4:0 გაანადგურა. მე-4 მატჩში ნიუ-იორკელებმა 25 სამქულიანი ჩააგდეს, რაც პლეი-ოფის ისტორიული რეკორდის გათანაბრებაა. გუნდი საოცარ, შეკრულ კალათბურთს თამაშობს და აღმოსავლეთის ფინალს ფავორიტის სტატუსით ხვდება.
სან ანტონიო სპურსი - მინესოტა ტიმბერვულვზი 4:2
ვიქტორ ვემბანიამას სპურსმა მინესოტა მე-6 მატჩში 139:109 გაანადგურა და სერია 4:2 მოიგო. მინესოტამ მთელი ყურადღება ფრანგი გიგანტის გაჩერებაზე გადაიტანა, თუმცა სან ანტონიოს მცველებმა, დეარონ ფოქსმა და სტეფონ კასტლმა, მეტოქის დაცვა მთლიანად დაშალეს. ენტონი ედვარდსის (24 ქულა) ენერგია მინესოტასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან სასტარტო ხუთეულიდან მას მხარი არავინ აუბა.
ოკლაჰომა სიტი თანდერი - ლოს ანჯელეს ლეიკერსი 4:0
მოქმედმა ჩემპიონმა თანდერმა ლეიკერსი მშრალი ანგარიშით, 4:0 გამოთიშა ასპარეზობას. ოკლაჰომა გახდა პირველი ჩემპიონი 2017 წლის შემდეგ (ლებრონის კლივლენდის მერე), ვინც პლეი-ოფის პირველი ორი რაუნდი სვიპით გაიარა. უკვე სეზონის MVP შაი გილჯეს-ალექსანდერმა მე-4 მატჩში 35 ქულა მიითვალა. თუ ეს მატჩი ლებრონ ჯეიმსის (24 ქულა, 12 მოხსნა) კარიერაში უკანასკნელი იყო ლეიკერსის ფორმით, მან ბრძოლა ბოლო წამამდე არ შეწყვიტა.
აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ნიუ იორკი კლივლენდს შეხვდება, ხოლო დასავლეთ კონფერენციის საუკეთესოს სან ანტონიო და ოკლაჰომა გაარკვევენ.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები