-
Aa
+
ფონტის ზომა
ბიზნესმენები ლას ვეგასში NBA-ს გაფართოების პროცესში იყვნენ ჩართულნი, თუმცა მოვლენები მოულოდნელად განვითარდა, მათ მიმართულება შეიცვალეს და ლეიკერსის შესაძენად მარკ უოლტერს ძალიან სერიოზული შეთავაზება გაუკეთეს.
უოლტერმა კლუბის საკონტროლო პაკეტი ბასების ოჯახისგან გასულ წელს შეიძინა, მაშინდელი სარეკორდო შეფასებით, დაახლოებით 10 მილიარდ დოლარად.
„როგორც NBA-ს გულშემატკივრები მთელი ცხოვრების განმავლობაში, ჩვენთვის უდიდესი პატივია შესაძლებლობა, გავხდეთ ლოს ანჯელეს ლეიკერსის, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტული ფრენჩაიზის, მმართველები.
უდიდეს პატივს ვცემთ ჯერი და ჯინი ბასების ხელმძღვანელობასა და ხედვას“, - განაცხადეს კუშნერმა და აიგერმა ერთობლივ განცხადებაში.
„ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, ამ საფუძველზე განვაგრძოთ მშენებლობა, უმაღლეს დონეზე ვიბრძოლოთ და ვემსახუროთ ამ გამორჩეულ გუნდს, მის გულშემატკივრებსა და ქალაქ ლოს ანჯელესს.“
TWG Global-ის აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარე მარკ უოლტერი ლეიკერსის უმრავლესობის მფლობელი გასული წლის ოქტომბრიდან იყო, მას შემდეგ, რაც NBA-მ მისი შეთავაზება ერთხმად დაამტკიცა.
„ლოსანჯელეს ლეიკერსის ფლობა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი პატივი იყო, ეს გამორჩეული ინვესტიცია გახლდათ, თუმცა ყველაზე მეტად დამამახსოვრდება საზოგადოება, გულშემატკივრები და ქალაქი, რომელიც ამ გუნდს ოჯახის წევრივით ეპყრობა.
მადლობელი ვარ ჯინი ბასის, ბასების ოჯახის, მოთამაშეებისა და პერსონალის, რომლებმაც მიმიღეს. ლეიკერსი ლოს ანჯელესს ეკუთვნის და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“, - განაცხადა უოლტერმა.
უოლტერსა და TWG Global-ს წილები არაერთ პროფესიონალურ სპორტულ ორგანიზაციაში აქვთ, მათ შორის ლოს ანჯელეს დოჯერსში, ლოს ანჯელეს სპარკსში, ჩელსისა და ქალთა პროფესიონალურ ჰოკეის ლიგაში.
გარდა ამისა, TWG Motorsports-ის მეშვეობით უოლტერი რამდენიმე ავტოსარბოლო გუნდს ფლობს, მათ შორის კადილაკის ფორმულა 1-ის გუნდს.
უოლტერი, რომელმაც თავისი ფინანსური იმპერია სადაზღვევო ინდუსტრიაში შექმნა, ამჟამად ფედერალური გამოძიების ობიექტია, საქმე მილიარდერთან დაკავშირებული სხვა კომპანიების მხრიდან სავარაუდო საგადასახადო თაღლითობას ეხება.
Bloomberg-მა ივლისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მანჰეტენში აშშ-ის პროკურორები იკვლევენ, ხომ არ დამალეს უოლტერის მიერ კონტროლირებულმა ორმა სადაზღვევო კომპანიამ, Delaware Life Insurance Co.-მ და Clear Spring Life and Annuity Co.-მა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი კერძო საკრედიტო აქტივები უოლტერის მიერ კონტროლირებულ სხვა ბიზნესებს აფინანსებდა.
Bloomberg-ის ცნობით, პარალელურ გამოძიებას აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაც (SEC) აწარმოებს.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები