ლოს ანჯელეს ლეიკერსმა სანდრო მამუკელაშვილთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.
მამუკელაშვილმა (206 სმ, 109 კგ) 2025/26 წლების სეზონში ტორონტოს შემადგენლობაში 80 მატჩი ჩაატარა (13 სასტარტო ხუთეულში) და კარიერის საუკეთესო მაჩვენებლები დააფიქსირა - საშუალოდ 11.2 ქულა და 21.9 წუთი.
გარდა ამისა, ის საშუალოდ 4.9 მოხსნასა და 1.9 შედეგიან გადაცემას აგროვებდა, თამაშიდან 52.3%-იანი, ხოლო სამქულიანი დისტანციიდან 38.9%-იანი სიზუსტით ისროდა.
ნიუ იორკში დაბადებულმა და თბილისში გაზრდილმა კალათბურთელმა გასულ სეზონში კარიერაში სარეკორდო 49 შეხვედრაში ჩააგდო მინიმუმ 10 ქულა, მათ შორის 7 მატჩში 20 ან მეტი ქულა დააგროვა.
მამუკელაშვილმა სეზონი სათადარიგოთა სკამიდან მოპოვებული 686 ქულით დაასრულა, რაც რეპტორსის ისტორიაში ერთი სეზონის განმავლობაში სათადარიგო მოთამაშის მიერ დაფიქსირებული მე-7 საუკეთესო შედეგია.
NBA-ის 5 სეზონში მამუკელაშვილს რეგულარულ ჩემპიონატში კარიერის განმავლობაში 271 მატჩი აქვს ჩატარებული (28 სასტარტო ხუთეულში). ის თამაშობდა ტორონტოში (2025/26), სან ანტონიოსა (2023-25) და მილუოკიში (2021-23).
27 წლის კალათბურთელი საშუალოდ 14.6 წუთში 7.0 ქულას, 3.7 მოხსნასა და 1.2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
მისი სროლის სიზუსტე თამაშიდან 49.4%-ს, ხოლო სამქულიანი დისტანციიდან 36.6%-ს შეადგენს. მამუკელაშვილს NBA-ის პლეი-ოფში 7 მატჩიც აქვს ჩატარებული.
მამუკელაშვილი 2021 წლის NBA-ის დრაფტზე ინდიანა პეისერსმა 54-ე ნომრად აირჩია, რის შემდეგაც მასზე უფლებები მილუოკი ბაქსს გადაეცა.
NBA-ში გადასვლამდე მან 4 სეზონი სეტონ ჰოლის უნივერსიტეტის გუნდში (2017-21) გაატარა, სადაც 115 მატჩში (79 სასტარტო ხუთეულში) საშუალოდ 9.6 ქულას, 5.7 მოხსნასა და 1.6 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
ბოლო სეზონში მამუკელაშვილი 2021 წლის Big East-ის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.