ლოს ანჯელეს ლეიკერსმა სანდრო მამუკელაშვილთან 4-წლიანი, 52 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი შეათანხმა.
ხელშეკრულება მოიცავს მოთამაშის ოფციას მე-4 სეზონისთვის. გარიგების შესახებ პირველად ESPN-მა გაავრცელა ინფორმაცია.
მამუკელაშვილი 2025/26 წლების სეზონში ტორონტო რეპტორსის რიგებში თამაშობდა. ის NBA-ში მე-6 სეზონისთვის ემზადება.
ქართველი კალათბურთელი 2021 წლის დრაფტზე სეტონ ჰოლის უნივერსიტეტიდან 54-ე ნომრად მილუოკი ბაქსმა აირჩია.
გასულ სეზონში მამუკელაშვილმა კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა - საშუალოდ 11.2 ქულა მატჩში, სროლების 52.3%-იანი სიზუსტით.
მან ასევე საშუალოდ 1.4 სამქულიანი ჩააგდო შეხვედრაში, პერიმეტრიდან 38.9%-იანი სიზუსტით, ხოლო საჯარიმოებიდან კარიერის განმავლობაში 73.9% აქვს რეალიზებული.
ლეიკერსს უკვე ჰყავს რამდენიმე მოთამაშე, რომლებსაც მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაში შეუძლიათ, მათ შორის ჯერედ ვანდერბილტი და ჯეიკ ლარავია.
თუმცა მამუკელაშვილი ორივეზე უფრო მაღალი და ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა. გარდა ამისა, მისი მაღალი სამქულიანი სიზუსტის გამო უკეთეს „ფლორ-სპეისერად“ ითვლება.
მამუკელაშვილი შეტევაში მრავალმხრივი მოთამაშეა - შეუძლია მოედნის გაშლა, სწრაფ შეტევებში ეფექტურად ჩართვა, „პიკ-ენდ-პოპის“ შესრულება და დროული გახსნები.
ეს თვისებები, სავარაუდოდ, კარგად შეეწყობა ლუკა დონჩიჩისა და ოსტინ რივზის გვერდით თამაშს.
ლეიკერსი მამუკელაშვილის კარიერაში NBA-ის მე-4 კლუბი იქნება. კარიერა მან მილუოკი ბაქსში დაიწყო, 2023 წელს კი სან-ანტონიო სპერსმა აიყვანა, გასულ სეზონში კი ტორონტო რეპტორსში ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ ისეთ ისტორიულ გუნდში, როგორიც ლეიკერსია, მამუკელაშვილი პირველი ქართველი იქნება.