ეროვნული ლიგის 27-ე ტურში, იბერიამ გაგრას გასვლითი მატჩი 3:1 მოუგო და ლიდერ გორის დილასთან სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. თავის მხრივ, დილა დინამო თბილისთან დამარცხდა - 0:2.
იბერიელთაგან დუბლით ლუკა სილაგაძე გამოირჩა - მისი ორივე გოლისას ასისტი გურამ გოშთელიანმა შეასრულა. სილაგაძის გოლებს შორის, გამათანაბრებელი ბურთი დავით გოცირიძემ შეაგდო. მეორე ნახევარში საბოლოო ანგარიში, გიზი მამაგეიშვილის პასით, დერეკ აგიაკვამ დააფიქსირა.
სილაგაძემ მიმდინარე სეზონში 4 გოლსა და 3 საგოლე პასს მოუყარა თავი, მე-4 გოლი გაიტანა გაგრელთა 21 წლის შემტევმა გოცირიძემაც, ხოლო აგიაკვამ სეზონში მე-2 ბურთი შეაგდო. რაც შეეხება გიზი მამაგეიშვილს, მისთვის წლევანდელ ეროვნულ ლიგაში მე-8 საგოლე გადაცემა იყო და ამ მხრივ საუკეთესოა - მეორე-მესამე პოზიციაზე მყოფ ლუკა ხორხელსა (კარიერას ტრნავაში აგრძელებს) და ლუკა წულუკიძეს (დინამო ბათუმი) 3-3 ასისტით უსწრებს.
იბერიამ, ამ გამარჯვებით, 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ამასთან, კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში, გუგა ნერგაძის დებიუტი წარმატებული გამოვიდა.
მოქმედმა ჩემპიონმა 56 ქულა მოაგროვა და ლიდერ გორის დილას 3 ქულაში მიუახლოვდა. გაგრელებს 33 ქულა აქვთ და პლეი-აუტის ზონას 8 ქულით არიან დაშორებულნი.
იბერია მომდევნო ტურში მე-8 ადგილოსან თელავს ესტუმრება, გაგრა კი სამეულისთვის მებრძოლ ქუთაისის ტორპედოს დავით პეტრიაშვილზე მიიღებს.