მსოფლიო რაგბიმ 2026 წლის 6 ერის გათამაშების მსაჯები დაასახელა.
სიაში მოხვდა ქართველი არბიტრი, ნიკა ამაშუკელი, რომელიც 3 მატჩზე იმუშავებს.
ამაშუკელი 14 თებერვალს, ედინბურგში, შოტლანდიისა და ინგლისის შეხვედრის მთავარი მსაჯი იქნება.
ქართველი ასევე 6 მარტს, დუბლინში, ირლანდიისა და უელსის თამაშში, ხოლო 14 მარტს, პარიზში, საფრანგეთისა და ინგლისის მატჩში პირველ ასისტენტ მსაჯად იმუშავებს.
გარდა ამაშუკელის მსაჯობისა, 6 ერის მომავალ გათამაშებაში კიდევ ერთი ამბავია გამოსარჩევი. შოტლანდიელი ჰოლი დევიდსონი გახდება პირველი ქალი მსაჯი, რომელიც 6 ერის შეხვედრას განსჯის. ეს 14 თებერვალს, ირლანდიისა და იტალიის მატჩში მოხდება.
2025 წლის 6 ერის გათამაშების გამარჯვებული საფრანგეთი გახდა, რომელმაც მე-19 ტიტული მოიპოვა.