1990-იანი წლების შუა პერიოდში, ლეგენდარული კევინ კიგანის დამოძღვრილ „ნიუკასლ იუნაიტედს“, მეტსახელით "The Entertainers", მილიონობით ქომაგი ჰყავდა. ჩრდილო ინგლისელ მაღაროელთა საყვარელი გუნდის მფლობელი უძრავი ქონების დეველოპერი, ბიზნესმენი სერ ჯონ ჰოლი იყო. ჰოლი-კიგანის ტანდემი 1992 წლის თებერვალში ჩამოყალიბდა, რის შედეგადაც, მესამე დივიზიონში გავარდნის პირას მყოფი გუნდი პრემიერ ლიგის დიდებასთან ახლოს მივიდა.
1993-94 წლების სეზონში, პრემიერ ლიგაში ახლადამოსულმა „კაჭკაჭებმა“ მე-3 ადგილი დაიკავეს, მომდევნო სეზონში კი - მეექვსე. 1996 წლის 20 იანვრისთვის კიგანის გუნდი, რომელიც 1927 წლის შემდეგ პირველ საჩემპიონო ტიტულის მოპოვებას ცდილობდა, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 12-ქულიანი სხვაობით იყო წინ, მაგრამ როდესაც ალექს ფერგიუსონის დაუნდობელი „წითელი ეშმაკები“ 4 მარტს, „სენტ-ჯეიმს პარკს“ ესტუმრნენ და მეორედ დაამარცხეს ჩრდილოელები, სულ რამოდენიმე კვირაში ორ გუნდს შორის სხვაობა ოთხ ქულამდე დავიდა.

4 მარტის დაპირისპირებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. ცხადია, ეს მხოლოდ სამი ქულისთვის თამაში არ იყო და კიდევ ბევრი რამ იდო სასწორზე: კევინ კიგანის ბედი, „ნიუკასლ იუნაიტედის“ ისტორია და მომავალი და ა.შ.
შეხვედრის პირველი 45 წუთი „ჯორდების“ შესანიშნავ ფორმაში მყოფ თავდამსხმელს, ლეს ფერდინანდსა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ გოლკიპერ პეტერ შმაიხელს შორის დუელით წარიმართა. დანიელ კარის დარაჯს კარიერაში უამრავი სეივი და ბრწყინვალე მატჩი ჰქონია, მაგრამ იმ ცივი ინგლისური საღამოს პერფორმანსი ბევრის შეფასებით, მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

იმხანად ევროპის საუკეთესო მეკარედ მიჩნეული ქარიზმატული დანიელის პირისპირ ბევრი ფორვარდი ძრწოდა, ხსენებული მატჩიც არ გამოდგა გამონაკლისი და შმაიხელისადმი შიშიც ფერდინანდმა არაერთხელ გამოსცადა: პირველ ჯერზე ფაუსტინო ასპრილიას გრძელი პასის შემდეგ ფერდინანდმა სტივ ბრიუსს მარტივად აჯობა, თუმცა ქერა დანიელმა მისი მცდელობა გაანეიტრალა.
მეორე შანსიც პირველს გავდა - კვლავ ასპრილიამ იყოჩაღა, ფერდინანდმა კვლავ დაჯაბნა ბრიუსი, მაგრამ პეტერმა მანჩესტერელთა კარი მარცხენა მაჯით დაიცვა.
ფერდინანდის მცდელობების შემდეგ შმაიხელმა თავდამსხმელ პიტერ ბერდსლის, ნახევარმცველ რობ ლისა და ასპრილიასაც არ გაატანინა. ბელგიელი ფილიპ ალბერის შესრულებული საჯარიმო დარტყმისას კი ბურთი მანჩესტერელთა კარის ხარიხამ უკუაგდო.
მეორე ტაიმის სტარტზე „წითელი ეშმაკები“ ერიკ კანტონამ დააწინაურა, რაც შეხვედრის ერთადერთი გოლი აღმოჩნდა. „კაჭკაჭები“, რომლებმაც პეტერ შმაიხელის კარს გასაღები ვერ მოარგეს, საჩემპიონო რბოლაში უშუალო კონკურენტთან დამარცხდნენ.

დარჩენილ ტურებში კევინ კიგანის გუნდი კიდევ სამჯერ დამარცხდა, სამივეჯერ სტუმრად: „არსენალთან“ 0:2, „ლივერპულთან“ დრამატულ მატჩში 3:4 და „ბლექბერნ როვერსთან“ 1:2. ამასაც რომ თავი დავანებოთ, „ჯორდებმა“ პრემიერ ლიგის ბოლო ორი შეხვედრა ითამაშეს ფრედ და საბოლოოდ ოთხქულიანი სხვაობით დათმეს ტიტული.
„კაჭკაჭების“ უამრავი ქომაგი დღესაც მისტირის განიავებულ ჩემპიონობას და როგორც წესი, დაკარგულ ტიტულში კევინ კიგანს ადანაშაულებს, ის კი ბევრს ავიწყდება, რომ მსგავს პრინციპულ შეხვედრებში გადამწყვეტი ფაქტორი ხშირად ისეთი დიდი ვარსკვლავის ყოლაა, როგორიც პეტერ შმაიხელია, და როგორის მსგავსი „ნიუკასლს“ იმ მატჩში არ ჰყავდა...
P.S. მომდევნო სეზონის შუაში კევინ კიგანმა „ნიუკასლი“ დატოვა, მისი შემცვლელის, კენი დალგლიშის ხელში კი გუნდმა ჩემპიონატში კვლავ მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სხვაობა ამჯერად 7 ქულა იყო.