ლუკა ლოჩოშვილის ნიურნბერგმა მე-2 ბუნდესლიგის მე-8 ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ბავარიელებმა დიუსელდორფს სტუმრად 3:2 აჯობეს.
ქართველმა მცველმა მოედანზე, ტრადიციულად, 90 წუთი გაატარა, მისმა გუნდმა კი ძალიან საჭირო 3 ქულა აიღო - ტურის დაწყებამდე პლეი-აუტის ზონაში იყვნენ, ახლა კი მას თავი 2 ქულით დააღწიეს.
ნიურნბერგელებმა ამ სეზონში მე-2 შეხვედრა მოიგეს - ასევე ბოხუმი დაამარცხეს, ჩემპიონატის ლიდერ პადერბორნთან კი შინ 0:0 ითამაშეს.
ნიურნბერგში, მთავარ მწვრთნელ მიროსლავ კლოზეს ინიციატივით, გადასვლის შემდეგ, ლოჩო სტაბილურად თამაშობს - 9-დან 9 შეხვედრაში ძირითადში იყო და ერთადერთხელ შეცვალეს (ჰერტასთან, 70-ე წუთზე).
8 ტურის შემდეგ, ბავარიული კლუბის აქტივში 7 ქულაა და ცხრილის მე-14 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში უმაღლესი ლიგიდან დაქვეითებულ მე-11 ადგილოსან ჰოლშტაინ კილს (7 მატჩში - 9 ქულა) უმასპინძლებენ.