ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ იქნება მერაბ დვალიშვილის მომდევნო ოპონენტი.
ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არც თავად ქართველ მებრძოლს აქვს და არც UFC-ის ხელმძღვანელებს - დანა უაითსა და ჰანტერ კემპბელს. სანამ სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში ვარაუდებს გამოთქვამენ, შონ ომალი აცხადებს, რომ პიოტრ იანთან სატიტულო ბრძოლას იმსახურებს, თუმცა არც მერაბთან ტრილოგიის სურვილს მალავს.
ბრედლი მარტინის პოდკასტში სტუმრობისას, ამერიკელმა მებრძოლმა, რომელსაც შუგას მეტსახელით იცნობენ, აღნიშნა, რომ ქართველისთვის ვალის დაბრუნება აუცილებლად სჭირდება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ეს დაპირისპირება შეიძლება ბევრისთვის საინტერესო არ იყოს, მას შურისძიება ძალიან უნდა, რადგან მისივე მტკიცებით, UFC-ში მხოლოდ მერაბთან არის დამარცხებული.
ომალი დვალიშვილს ოქტაგონზე უკვე ორჯერ დაუპირისპირდა. პირველ შემთხვევაში ქართველმა მანქანამ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო, მეორედ კი მეტოქე საბმიშენით დაამარცხა. რაც შეეხება ომალის განცხადებას, თითქოს ის მხოლოდ მერაბთანაა დამარცხებული, სიმართლეს არ შეესაბამება - 2020 წლის 15 აგვისტოს ამერიკელმა მარლონ ვერასთანაც წააგო.