ბარსელონამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ატლეტიკო მადრიდის წინააღმდეგ გამართულ მატჩში მომხდარი მსაჯობის გამო უეფაში ფორმალური საჩივარი შეიტანა.
კატალონიელები საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდნენ, თუმცა კლუბში მიიჩნევენ, რომ მსაჯი იშტვან კოვაჩის გადაწყვეტილებებმა თამაშის ბედზე პირდაპირი გავლენა იქონია. მთავარი პრეტენზია 54-ე წუთზე მომხდარ ეპიზოდს ეხება, როდესაც მარკ პუბილმა საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, თუმცა მსაჯმა არც პენალტი დანიშნა და არც ფეხბურთელს აჩვენა მეორე ყვითელი ბარათი.
კლუბს მიაჩნია, რომ არბიტრის ქმედებები ეწინააღმდეგებოდა მოქმედ რეგულაციებს. საჩივარი ფოკუსირებულია კონკრეტულ ინციდენტზე, როდესაც მეტოქე გუნდის მოთამაშემ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, თუმცა პენალტი არ დაინიშნა. ბარსელონა მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება, VAR-ის ჩაურევლობასთან ერთად, უმძიმესი შეცდომაა.
ბარსელონა ითხოვს ოფიციალურ გამოძიებას, წვდომას მსაჯსა და VAR-ის ოთახს შორის არსებულ აუდიოჩანაწერებზე და შეცდომების საჯარო აღიარებას. კატალონიელებმა ასევე აღნიშნეს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშებებში გაუგებარი მსაჯობის გამო გუნდი ზარალდება, რაც მათ სხვა კლუბებთან შედარებით არათანაბარ პირობებში აყენებს.