დინამო ბათუმის ოფიციალური განცხადებით, ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი ივან ტურიცოვი კარიერას ბათუმურ კლუბში განაგრძობს.
ტურიცოვმა სამედიცინო შემოწმება სტამბოლში გაიარა, რის შემდეგაც დინამოსთან ხელშეკრულება 2029 წლის ბოლომდე გააფორმა.
კონტრაქტის გაფორმების შემდეგ დინამოს ახალწვეულმა პირველი კომენტარი გააკეთა:
კონტრაქტი ახლახან გავაფორმე და ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. მოტივირებული ვარ, ეს ახალი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო და მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებ თამაშს.
ბულგარელი ფეხბურთელის ტრანსფერი ასევე შეაფასა დინამო ბათუმის საფეხბურთო სტრატეგიის ხელმძღვანელმა, ზურაბ თიგიშვილმა:
ივანზე აქცენტი გავაკეთეთ იმიტომ, რომ ის თავისი გამოცდილებით როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე, ჩვენი გეგმების განხორციელებაში ძალიან დაგვეხმარება.
ტურიცოვმა კარიერის ძირითადი ნაწილი სოფიის ცსკა-ში გაატარა, სადაც გუნდის კაპიტანი გახლდათ. ბულგარულ კლუბში მან 222 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. ცსკა-ს გარდა, ტურიცოვი მცირე ხნით ბულგარული ლიტექსის ღირსებასაც იცავდა.
ტურიცოვს ნათამაშები აქვს როგორც ბულგარეთის 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში, ისე ეროვნულ გუნდში, რომლის მოქმედი წევრიც გახლავთ და მის რიგებში 22 მატჩი აქვს ჩატარებული. მათ შორის, ორი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.
ტურიცოვი დინამო ბათუმს სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 16 ივნისს შეუერთდება. 22 ივნისს კი, მას შემდეგ რაც საქართველოში სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად გაიხსნება კლუბი ტრანსფერს ოფიციალურად დაარეგისტრირებს და მას ოფიციალურ მატჩებში თამაშის უფლება მიეცემა.
აღნიშნულ ინფორმაციას დინამო ბათუმის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.