ინტერ მაიამიმ ბრაზილიელი ნახევარმცველის, კაზემიროს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ბრაზილიის ნაკრების წევრი და ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებული კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
კაზემირომ ინტერ მაიამისთან კონტრაქტი 2027 წლის MLS-ის სეზონის დასრულებამდე გააფორმა, ხოლო შეთანხმება 2029 წლის ივნისამდე გახანგრძლივების ოფციასაც მოიცავს. ნახევარმცველი გუნდს ოფიციალურად მას შემდეგ შეუერთდება, რაც P-1 ვიზას მიიღებს.
„ყველაზე მეტად ის მაძლევს მოტივაციას, რაც, ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელს ამოძრავებს - გამარჯვება და მუდმივი პროგრესი.
კლუბის მიერ წარმოდგენილმა პროექტმა და იმ ძალისხმევამ, რომელიც აქ ჩემს მოსაყვანად გაიღეს, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
უზომოდ მადლიერი ვარ და ვერ ვითმენ, როდის დავიწყებ, რათა ეს ნდობა გავამართლო, არა მხოლოდ მატჩის იმ 90 წუთში, არამედ ყოველდღიურ ვარჯიშებზეც.
მხოლოდ მადლობის თქმა შემიძლია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ კლუბის სიყვარულსა და ნდობას შესაბამისი პასუხი დავუბრუნო.“ - განაცხადა კაზემირომ.
„დიდი სიამაყით ვესალმები კაზემიროსა და მის ოჯახს ინტერ მაიამიში. ის არის ადამიანი და ფეხბურთელი, რომელსაც დიდი ხანია აღფრთოვანებით ვაკვირდები.
კაზემირო ნამდვილი გამარჯვებულია, რომელმაც ფეხბურთში არაერთი ისტორიული წარმატება მოიპოვა.
მადრიდის რეალსა და მანჩესტერ იუნაიტედში ბრწყინვალე კარიერის შემდეგ, ძალიან მიხარია, რომ მან მაიამი თავისი ახალი სახლი აირჩია.“ - განაცხადა ინტერ მაიამის თანამფლობელმა, დევიდ ბექჰემმა.