პრემიერ ლიგიდან მორიგ ჯერზე გავარდნის შემდეგ, ჯეიმი ვარდიმ ლესტერის დატოვება გადაწყვიტა.
ინგლისელი ფორვარდი კლუბში გატარებული 13 წლის შემდეგ ზაფხულში გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ამის შესახებ ვარდიმ თავად ისაუბრა.
„განადგურებული ვარ, რომ ეს დღე ახლოვდება, თუმცა ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან - მოხდებოდა. ამ კლუბში 13 დაუვიწყარი წელიწადი გავატარე, დიდი წარმატებებიც იყო და მცირე იმედგაცრუებებიც, მაგრამ ლესტერი სამუდამოდ იქნება ჩემს გულში." - აღნიშნა ვარდიმ.
38 წლის ფორვარდი ლესტერში 2012 წელს ფლიტვუდიდან 1 მილიონად გადავიდა და მას შემდეგ გუნდს პრემიერ ლიგის, თასის და სუპერთასის მოგებაში დაეხმარა, გასულ სეზონში კი ჩემპიონშიფიდან ამოსვლაშიც მთავარი როლი შეასრულა. თუმცა, წელს მელიებმა უმაღლეს დივიზიონში ადგილი ვერ შეინარჩუნეს და კვლავ დაქვეითდნენ.
ლესტერში ვარდიმ 496 მატჩი ჩაატარა და 198 გოლსა და 69 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.