საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ალეკსანდარ ჯიკიჩს კონტრაქტი 2 წლით გაუხანგრძლივდა.
უფრო კონკრეტულად, განახლებული ხელშეკრულებით სერბი სპეციალისტი საქართველოს ეროვნულ გუნდს 2027 წლის 30 სექტემბრამდე გაწვრთნის. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ, რომელმაც 2024 წლის დასაწყისში ჯიკიჩს კონტაქტი გაუფორმა, მასთან თანამშრომლობის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.
ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა და ეს მთლიანობაში ზედიზედ მეექვსედ მოახერხა. წინა ხელშეკრულებით, სერბ სპეციალისტს ევრობასკეტზე გასვლის შემთხვევაში კონტაქტი ევროტურნირის დასრულებამდე ჰქონდა და გადაწყდა, მასთან თანამშრომლობა მომდევნო ციკლზეც გაგრძელებულიყო.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება, კვლავ ალეკსანდარ ჯიკიჩი უხელმძღვანელებს.
მსოფლიოს საკვალიფიკაციო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც, 2027 წლის აგვისტო-სექტემბერში, ფინალური ეტაპი კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, ჩვენს ნაკრებს სწორედ ჯიკიჩი უხელმძღვანელებს. - წერია კალათბურთის ფედერაციის განცხადებაში.