ვოლფსბურგმა თავისუფალი აგენტის სტატუსით კრისტიან ერიქსენი დაიმატა.
33 წლის დანიელმა ნახევარმცველმა, რომელიც ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტი იყო, გერმანულ კლუბთან 2027 წლამდე კონტრაქტი გააფორმა და 24-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„ძალიან გვიხარია, რომ ასეთი შესაძლებლობა მოკლე დროში გაჩნდა,“ – განაცხადა ვოლფსბურგის სპორტულმა დირექტორმა ზებასტიან შინდციელორცმა.
„კრისტიან ერიქსენის სახით ჩვენ ვიღებთ ფეხბურთელს, რომელმაც მაღალ დონეზე ყველაფერი ნახა და გამოცადა. მისი უდიდესი გამოცდილება, მოედანზე ხარისხი და პიროვნება განსაკუთრებულად დაეხმარება ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს.
ზაფხულში შეგნებულად მოვახდინეთ სტრუქტურული ცვლილებები და რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა დავიმატეთ, რომლებსაც დიდი პოტენციალი აქვთ. კრისტიანი იდეალურად შეავსებს ჩვენს გამოცდილ კაპიტანს, მაქს არნოლდს. ის ნამდვილი ლიდერია, რომელსაც შეუძლია განსხვავება მოედანზეც და მის მიღმაც შეიტანოს.“ - განაცხადა გერმანული კლუბის წარმომადგენელმა.