-
Aa
+
ფონტის ზომა
მსურს განვაცხადო, რომ ამ ზაფხულს კარიერას ვასრულებ.
თქვა ზიულემ Spielmacher-ის პოდკასტში. ფეხბურთელი უკვე გარკვეული დროის განმავლობაში ფიქრობდა კარიერის დასრულებაზე. საბოლოო გადაწყვეტილება კი ჰოფენჰაიმთან მატჩის შემდეგ მიიღო, სადაც მუხლი დაიზიანა.
„რაც ვიგრძენი მაშინ, როცა ჩვენმა ექიმმა ჰოფენჰაიმის გასახდელში მუხლის ტესტი ჩამიტარა (ტესტი შესაძლო ჯვარედინი მყესის გაწყვეტის დასადგენად), ფიზიოთერაპევტს შეხედა და თავი გააქნია, შემდეგ კი ფიზიოთერაპევტმაც იგივე გააკეთა და ვერაფერი იგრძნო - სწორედ მაშინ შევედი შხაპში და 10 წუთის განმავლობაში ვტიროდი.
იმ მომენტში მართლა ვიფიქრე: ‘გაწყვეტილია,’“ - იხსენებს ზიულე პოდკასტში და 30-ე ტურს უბრუნდება. „როცა მეორე დღეს MRI-ზე წავედი და კარგი ამბავი მივიღე (რომ ეს ჯვარედინი მყესის გაწყვეტა არ იყო), ჩემთვის ათასპროცენტიანად ნათელი გახდა, რომ ყველაფერი დასრულდა.
ვერაფერს წარმოვიდგენდი იმაზე უარესს, ვიდრე ის, რომ უკვე მოუთმენლად ელოდები კარიერის შემდეგ პერიოდს - დამოუკიდებლობას, დასვენებას, შვილებთან დროს - და შემდეგ მე-3 ჯვარედინი მყესის ტრავმის გადატანა გიწევს.“
ზიულე მიუნხენის ბაიერნიდან დორტმუნდის ბორუსიაში 2022 წლის ზაფხულში გადავიდა. ცენტრალურმა მცველმა „შავ-ყვითლების“ მაისურით 109 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მისთვის დორტმუნდში პირველი სეზონი აღმოჩნდა.
„რაც ჩემს პირველ წელს გადავიტანე, როცა ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს ვიყავით - ის საღამო სასტუმროში, გზა სტადიონამდე... ის განცდა, რაც მაშინ მქონდა, მხოლოდ ჩემს პირველ პროფესიონალურ მატჩამდე მიგრძნია - ნერვიულობა, მღელვარება.
მაინცთან მატჩამდე ეს ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცი, ოდესმე კიდევ თუ ვიგრძნობ მსგავს რამეს - იმ ადრენალინს.
ზიულეს პირველ სეზონში BVB-მ გერმანიის ჩემპიონობა უმცირესი სხვაობით დაკარგა. მე-2 სეზონში კი გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.
„როცა დორტმუნდში გატარებულ 4 წელს ვიხსენებ, უამრავი მომენტი იყო, რომელიც ძალიან მსიამოვნებდა. გასახდელში ხუმრობები, სტადიონი - ჩვენ ხომ 80 000 ადამიანზე ვსაუბრობთ.
გულშემატკივრები ყოველთვის თბილად მხვდებოდნენ. ეს პერიოდი ძალიან მომენატრება. რამდენად კომფორტულად ვგრძნობდი აქ თავს... უკვე პირველივე დღეს მივხვდი, როგორები არიან დორტმუნდელები: გახსნილები, თბილები და გულწრფელები.
მათთან ძალიან ძლიერი კავშირი ვიგრძენი. ჩემი შვილები აქ დადიან ბაღში. ჩვენთვის უკვე ახლა რთულია წასვლა.“
49-გზის გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს ბუნდესლიგაში ამ დროისთვის 299 მატჩი აქვს ჩატარებული.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები