იტალიურმა პარმამ ოფიციალურად დაადასტურა ატალანტადან მალელი თავდამსხმელის, ელ ბილალ ტურეს იჯარის წესით დამატება.
ახალგაზრდა ფეხბურთელი ახალ კლუბში 2027 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
2001 წელს კოტ-დ'ივუარში დაბადებული ტურე მალის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა. მისი ევროპული კარიერა ფრანგულ რეიმსში დაიწყო, საიდანაც 2022 წელს ესპანურ ალმერიაში გადაბარგდა. ლა ლიგაში ნაჩვენებმა მაღალმა დონემ ატალანტას ყურადღება მიიქცია და იტალიურმა კლუბმა ის 2023 წლის ზაფხულში გაიფორმა. სწორედ ბერგამოელთა რიგებში მოახერხა მან 2023/24 წლების სეზონში უეფას ევროპა ლიგის მოგება. კარიერის განმავლობაში მას შტუტგარტსა და ბეშიქთაშში თამაშის გამოცდილებაც დაუგროვდა.
როგორც კლუბის განცხადებაშია აღნიშნული, ელ ბილალ ტურე დინამიკური და მრავალმხრივი მოთამაშეა, რომელიც ფიზიკურ ძალასა და სისწრაფეს აერთიანებს. ის იდეალურად ითვისებს თავისუფალ სივრცეებს, კარგად უგებს თანაგუნდელებს და შეტევის ხაზში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. პარმაში დიდი იმედი აქვთ, რომ ფორვარდის საერთაშორისო გამოცდილება და ხარისხი გუნდს მიზნების მიღწევაში დაეხმარება.