-
Aa
+
ფონტის ზომა
ფაბიან რუისი
რა საკვირველია ესპანელი ნახევარამცველი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია და 30-კაციან სიაში ყოფნას იმსახურებს, თუმცა მისი ერთ-ერთ ფავორიტად წარმოჩენა სრული სიგიჟეა - გასაგებია, რომ რუისმა მუნდიალის ჩათვლით თითქმის ყველა ტურნირი მოიგო, თუმცა შეგახსენებთ, რომ ბალონ დორი ინდივიდუალური ჯილდოა და მის მოსაგებად წელს ისეთი ფეხბურთელები იბრძვიან, როგორებიც ჰარი კეინი, კილიან მბაპე, ლამინ იამალი, როდრი და ხვიჩა კვარაცხელია არიან, ესპანელის მათ კალიბრში განხილვა კი ცოტა არასერიოზულია.
რუიზი არც ლუის ენრიკეს გუნდის საკვანძო წევრი ყოფილა - ესპანელმა ლიგაზე შესაძლო 17 მატჩიდან მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ლიგა ერთში 13 მატჩი დაიწყო სასტარტოდან, მუნდიალზე კი 4. მართალია ესპანელს კარგი მსოფლიო თასი გამოუვიდა, საკვანძო მატჩებში ძირითადის წევრი იყო და ბელგიას მნიშვნელოვანი გოლიც გაუტანა, თუმცა ამის გამო ოქროს ბურთის მოგება წარმოუდგენელი იქნება.
ჟორჟინიო
2021 წელი და კიდევ ერთი ნახევარმცველი, ამჯერად ბრაზილიელ-იტალიელი ჟორჟინიო. ჯორჟინიოს 2020/21 მართლაც ბრწყინვალე სეზონი გამოუვიდა - ჩელსისთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო, თუმცა არა საუკეთესო, მეტიც, ფილიო ჩელსის საუკეთესო ნახევარმცველიც არ ყოფილა - ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ნახევარმცვლად, ორივე ნახევარფინალისა და ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად ნგოლო კანტე დასახელდა.
შემდეგ იყო ევროპის ჩემპიონატი, რომელიც იტალიამ მოიგო - ჟორჟინიო აძურის ერთ-ერთი საკვანძო წევრი იყო, თუმცა ინდივიდუალურად საუკეთესოობასთან აქაც არ ყოფილა ახლოს. მსოფლიოს ამ ჩემპიონატზე ფედერიკო კიეზა გაეცნო, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ჯანლუიჯი დონარუმას გადაეცა. ჯამურად ჟორჟინიოს მშვენიერი რეზიუმე გამოუვიდა, რითაც უეფას წლის ფეხბურთელის ჯილდო დაისაკუთრა და ოქროს ბურთის კანდიდატობაზე პრეტენზია წამოაყენა - ფილიოს პრესამაც შეუწყო ხელი და საბოლოოდ ფრანს ფუტბოლის ჯილდოს სიაში მესისა და ლევანდოვსკის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.
რაფაელ ვარანი
არასდროს ყოფილა უფრო მარტივი ოქროს ბურთის გამარჯვებული არჩევა - ეს ვარანია
განაცხადა 2018 წელს მიშელ პლატინიმ
საქმე აქაც ზემოთხსენებულ შემთხვევებთან გვაქვს, ვარანმა მადრიდის რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მუნდიალი. ფრანგი ცენტრალური მცველი ორივე გუნში უმნიშვნელოვანესი ფიგური იყო, თუმცა არცერთგან გამოკვეთილად საუკეთესო ცენტრალური მცველიც არ ყოფილა - მადრიდში ფრანგს გვერდს სერხიო რამოსი უმაგრებდა, ლურჯებში კი სამუელ უმტიტი. მის გუნდებში კი ისეთი ფეხბურთელები ბრწყინავდნენ, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუ, ლუკა მოდრიჩი, ანტუან გრიზმანი თუ კილიან მბაპე იყვნენ. მათ გარდა კი საოცარი ინდივიდუალური სეზონები მოჰამედ სალაჰმა და ლიონელ მესიმ ჩაატარეს. ვარანი სწორედ მათ შემდეგ, მე-7 ადგილზე გავიდა.
ფრანკ რიბერი
სიაში შემდეგი ფეხბურთელი უბრალოდ პრეტენდენტი არ იყო - ფრანკ რიბერის ოქროს ბურთის მოგებამდე ძალიან ცოტა დააკლდა. რომ არა ცერემონიის თარიღის შეცვლა, დიდი ალბათობით ფრანგი ამ ჯილდოს მოიგებდა, რაც საკმაოდ დიდი უსამართლობა იქნებოდა.
ბაიერნის ისტორიული ტრებლისა და უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის მოგების შემდეგ ფრანგი პრესტიჟული ჯილდოს მთავარ ფავორიტად მოიაზრებოდა.
ჩემს ოქროს ბურთს მისაღებ ოთახში, ბუხრის ზემოთ დავდებ
განაცხადა რიბერიმ ფრანგულ "მეტროსთან" ინტერვიუში
რიბერის ბუნდესლიგაში ძალიან სოლიდური წელი გამოუვიდა - ფრანგმა 10 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა 2012/13 წლის ჩემპიონთა ლიგაზე შემტევი გარემარბი არც ისე შედეგიანი იყო - ერთი გოლი და 5 საგოლე გადაცემა. თავის მხრივ კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა კარიერის საუკეთესო ინდივიადუალური წელი შემოგვთავაზა - პორტუგალიელმა 59 მატჩში 69 გოლსა და 15 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
პორტუგალიელს არა მარტო იმ სეზონში, არამდე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ინდივიდუალური წელი ჰქონდა. ბალონ დორის ხმების სათავისოდ გადაწონვა კი 2014 წლის მუნდიალის პლეი-ოფში შვედეთის ნაკრებთან ჩატარებული ფენომენალური პერფორმანსის შემდეგ მოახერხა - რონალდუმ იბრას ნაკრებს ორ მატჩში ხუთი გოლი გაუტანა და პორტუგალია მუნდიალზე მარტომ გაიყვანა.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თავდაპირველად ცერემონია საპლეიოფო მატჩებამდე იყო დაგეგმილი, ამ დრომდე კი ფრანგი ჯილდოს მოგების უდიდეს ფავორიტად ითვლებოდა, ცერემონიის თარიღის გადაწევისა და პორტუგალიელის საოცარი პერფორმანსის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა - რონალდუმ მეორე ოქროს ბურთი მოიგო, ხოლო ფრანგი საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა.
უესლი სნეიდერი
დღემდე ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ოქროს ბურთი - 2010. ვინ იმსახურებდა ბალონ დორს? სნეიდერი? ინიესტა? თუ ის, ვინც ეს ჯილდო მოიგო?
სნეიდერს ოქროს ბურთი მოპარეს? ვინ მოიგო? მესიმ? ანუ არ მოუპარავთ?
ჟოზე მოურინიო
სნეიდერი ნამდვილად უნდა ყოფილიყო ტოპ სამში ინიესტას ნაცვლად, ესპანელმა პოდიუმზე ადგილი მხოლოდ მუნდიალის ფინალში გატანილი გოლის გამო მოიპოვა. ინიესტამ ბარსელონას სეზონის საკვანძო მონაკვეთი ტრავმის გამო გამოტოვა და არც საოცარი მუნდიალი ჩაუტარებია, მეტიც 2010 წლის მსოფლიო თასის სამ საუკეთესო ფეხბურთელშიც არ ყოფილა - ოქროს ბურთი დიეგო ფორლანმა მოიგო, ვერცხლის ბურთი სნეიდერს ხვდა, ხოლო ბრინჯაო დავიდ ვილას.
თავის მხრივ სნეიდერმა ინტერთან ერთად ისტორიული ტრებლი მოიგო, რასაც ზემოდან მუნდიალის ვერცხლის მედალი და ვერცხლის ბურთი დაამატა - რა თქმა უნდა, ნიდერლანდელი პრეტენდენტთა სამეულში ყოფნას იმსახურებდა, მაგრამ იმსახურებდა თუ არა მოგებას?
სნეიდერი არ ყოფილა არც ჩემპიონთა ლიგის და ინტერის საუკეთესო ფეხბურთელი - 2010 წელს ორივე წოდება დიეგო მილიტოს ეკუთვნოდა. თავის მხრივ მესიმ 2010 წელს ფეხბურთში ახალი ერა დაიწყო, გაიტანა 60 გოლი და შეასრულა 17 საგოლე გადაცემა, შეუჩრებელი იყო თითქმის ყველა დიდ თამაშში ჩემპიონთა ლიგაზე თუ შიდა ჩემპიონატში - არსენალთან პოკერი, რეალთან 5:0 და კიდევ არგენტინელის ჰაილაითების სრული უმეტესობა, რომელიც სწორედ ამ წლიდანაა. მესი 2010 წელს სხვა ფეხბურთელებს საგრძნობლად აღემატებოდა და მით უმეტეს, უესლი სნეიდერს.
ნიდერლანდელისთვის ოქროს ბურთის იმ ფეხბურთელის წინააღმდეგ მოგება, რომელიც მას 100 თავით აღემატებოდა, ისეთივე სიგიჟე იქნებოდა, როგორც ეს 2013 წელს რონალდოსა და რიბერის შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები