ავსტრალიის ღია პირველობის გასული წლის ჩემპიონმა, მედისონ კიზმა წლევანდელი გათამაშება დაგეგმილი გამარჯვებით დაიწყო.
მე-9 ნომრად განთესილმა ამერიკელმა უკრაინელ ოლეკსანდრა ოლინიკოვას ორ სეტში მოუგო - 7:6; 6:1. აღსანიშნავია, რომ პირველ სეტში უკრაინელი 4:0 დაწინაურდა, შემდეგ 6:5-ზე სეტზეც აწვდიდა, თუმცა კიზმა საქმე ტაიბრეიკამდე მაინც მიიყვანა და ის 8:6-ით დახურა.
"გუშინ ლინდსი დევენპორტს ველაპარაკე. მან მითხრა, რომ დიდი სლემის ტურნირზე მოქმედი ჩემპიონის სტატუსით გამოსვლის პატივი არც ისე ბევრ ჩოგბურთელს ეძლევა, ამიტომ დავტკბე და ვისიამოვნო. დასაწყისში ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ შემდეგ დაბრუნება შევძელი", - აღნიშნა კიზმა თამაშის შემდეგ.
მოქმედი ჩემპიონი მომდევნო, მე-2 წრეში თანამემამულე ეშლინ კრუგერს შეხვდება - მსოფლიოს 62-ე ჩოგანია და კიზს მასთან არასდროს უთამაშია.
მედისონ კიზმა 2025 წლის AO-ს ფინალში არინა საბალენკას აჯობა და კარიერაში დიდი სლემის პირველი ტიტული მოიპოვა - 2017-ის ამერიკის ღია პირველობაზე ფინალში დამარცხდა.