კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ATP-ს 500-იანი ტურნირის ფინალური წყვილი გაირკვა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს კარლოს ალკარასი და ფრანგი არტულ ფილსი დაუპირისპირდებიან.
ნახევარფინალში ალკარასმა ორსეტიან ბრძოლაში რუსი ანდრეი რუბლევი დაამარცხა (7:6 6:4), ფილსმა კი მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომრის, იანიკ სინერის გამნაწყენებელი, ჩეხი იაკუბ მენსიკი გაუშვა სახლში ორ სეტში (6:4 7:6).
ალკარასის და ფილსის გზები პროფესიონალურ მატჩებში აქამდე ორჯერ გადაიკვეთა და სხვათაშორის, 8-დღიანი ინტერვალით. ისინი ერთმანეთს ჯერ 2025 წლის მონტე-კარლოს მასტერსის 1/4 ფინალში შეხვდნენ, სადაც ალკარასმა მოგებას სამი სეტი მოანდომა, შემდეგ კი, მომდევნო ტურნირის, ბარსელონას ნახევარფინალში, სადაც კარლოსმა ბევრად მარტივად და ორ სეტში იმარჯვა. ორივე ეს მატჩი თიხაზე გაიმართა და შესაბამისად, ჰარდის საფარზე ეს მათი პირველი შეხვედრა იქნება.
დოჰას გადამწყვეტი დაუპირისპირება დღეს, 21 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ალკარასი სეზონის დაწყებიდან დღემდე ჯერ დაუმარცხებელია — ავსტრალიან ოუფენზე მოგებულ ზედიზედ 7 გამარჯვებას ესპანელმა დოჰაში დაუმატა 4 მატჩი და დღეს ზედიზედ მე-12 თამაშის მოგებას შეეცდება.