• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
პატარა ბიჭი მადეირადან - კრიშტიანუს სანაკრებო გზა
ფეხბურთიფეხბურთი

პატარა ბიჭი მადეირადან - კრიშტიანუს სანაკრებო გზა

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2003 წლის 21 აგვისტო. თითქოს ერთი რიგითი ამხანაგური მატჩი პორტუგალიის ნაკრებისთვის. თამაშის მეორე ნახევრის სტარტზე პორტუგალიელთა შვიდნომრიან კაპიტანს, ლუიშ ფიგუს მანჩესტერ იუნაიტედის 18 წლის ახალწვეული, კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუს ავეირუ ცვლის - პორტუგალიურ ფეხბურთში ახალი ერა იწყება. 



2003/04 წლების სეზონის განმავლობაში კრიშტიანუმ კიდევ ექვს ამხანაგურში მიიღო მონაწილეობა და სამშობლოში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე უკვე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის სტატუსით წავიდა. პორტუგალიისთვის ევრო ცუდად დაიწყო - ლუის ფილიპე სკოლარის შეგირდები დრაგაოზე საბერძნეთთან დამარცხდნენ, თუმცა რონალდუსთვის ელინებთან მარცხი ისტორიული აღმოჩნდა - შეცვლაზე შემოსულმა პორტუგალიელთა ჩვიდმეტმა ნომერმა თავისი სადებიუტო სანაკრებო გოლი გაიტანა. ტურნირის მსვლელობისას კრიშტიანუ სკოლარის გუნდის ძირითადის წევრად ჩამოყალიბდა და თავისი სიტყვა ნახევარფინალში, ნიდერლანდების წინააღმდეგ თქვა. გოლი და საგოლე გადაცემა - პატარა ბიჭმა მადეირადან პორტუგალია დიდი სანაკრებო ტურნირის ფინალში ისტორიაში პირველად გაიყვანა. ამ ზღაპრის ბოლო კეთილი არ აღმოჩნდა - ბერძნებმა დაწყებული ისტორიის წერა ბოლომდე მიიყვანეს. კრიშტიანუმ ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.



მომდენვო ორ წელიწადში რონალდომ ნაკრებში კიდევ 19 საკმაოდ შედეგიანი მატჩი ჩაატარა, 2006 წელს კი გერმანიაში სადებიუტო მუნდიალზე გაემგზავრა. კრიშტიანუს ნაკლებად შედეგიანი მსოფლიო თასის მიუხედავად, პორტუგალიამ მუნდიალების ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა - მეოთხე ადგილი. სკოლარის შეგირდები ნახევარფინალში საფრანგეთთან, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში გერმანიასთან დამარცხდნენ. რონალდომ თავისი ერთადერთი გოლი ჯგუფური ეტაპის მატჩში ირანს გაუტანა. 




მსოფლიო თასის შემდეგ ლუიშ ფიგუმ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო - კრიშტიანუმ საკულტო შვიდნომრიანი მაისური გადაიბარა და ნუნო გომეშის არყოფნაში გუნდს რამდენიმეჯერ უკაპიტნა კიდეც. 


2008 წლის ევროს კრიშტიანუ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის სტატუსით შეხვდა. პორტუგალიის ნაკრებმა იმედები ვერც ავსტრიასა და შვეიცარიაში ჩატარებულ ტურნირზე გაამართლა - სკოლარის გუნდი პირველივე საპლეიოფო მატჩში, გერმანიასთან დამარცხდა. რონალდომ თავი ჩეხეთის კარში გატანილი მშვენიერი გოლით დაგვამახსოვრა.



ევროს შემდეგ კრიშტიანუმ კაპიტნის სამკლაურიც გადაიბარა - პორტუგალიამ სამხრეთ აფრიკის მუნდიალისთვის მზადება დაიწყო. კოჭის ტრავმის გამო რონალდომ საკვალიფიკაციო ეტაპის რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, თუმცა მსოფლიო თასს სრულ მზადყოფნაში შეხვდა - უკვე როგორც ოქროს ბურთისა და მადრიდის რეალის შვიდ ნომრიანი მაისურის მფლობელი. კრიშტიანუს მუნდიალი ისეთი ვერ გამოდგა, როგორსაც მისგან გულშემატკივრები ელოდნენ - რონალდომ თავის გამოჩენა მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შეძლო - პორტუგალია ტურნირს მერვედფინალში, მომავალ ჩემპიონ, ესპანეთის ნაკრებთან გამოეთიშა. 




კრიშტიანუს მესამე ევროპის ჩემპიონატი ცუდად დაიწყო - პორტუგალია გერმანიასთან დამარცხდა, თუმცა შემდეგი ორი მატჩის მოგებით ჯგუფიდან გასვლა მაინც შეძლო. რონალდუმ ნიდერლანდების ნაკრებთან გაიბრწყინა - დუბლი სტეკელენბურგის კარში და მეოთხედფინალის საგზური. მომდენვო ეტაპზე პაულო ბენტოს შეგირდებმა ჩეხეთს კვლავ შვიდიანის ერთადერთი გოლით სძლიეს - რონალდუმ პიტერ ჩეხის კარი ბრწყინვალე თავური დარტყმით აიღო. პორტუგალიელებს ნახევარფინალში ტურნირის ტრიუმფატორი, ვისენტე დელ ბოსკეს მრისხანე ესპანეთში შეხვდათ - დაძაბული მატჩის ბედი თერთმეტმეტრიანების სერიაში გადაწყდა. მეხუთე პენალტის მოლოდინში მყოფ კრიშტიანუს თერთმეტმეტრიანის დარტყმა საერთოდ არ მოუწია.



2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი პორტუგალიისთვის იოლი გასეირნება არ აღმოჩნდა - კრიშტიანუს გუნდი ჯგუფში რუსეთს ჩამორჩა და პლეი-ოფის თამაში მოუწია. ორმატჩიან დაპირისპირებაში რონალდუ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვედეთს დაუპირისპირდა - ლისაბონში გამართული შეხვედრა პორტუგალიამ კრიშტიანუს მიერ 82-ე წუთზე გატანილი ბრწყინვალე თავურით მოიგო, ხოლო სოლნაში გამართულმა განმეორებითმა დაპირისპირებამ რონალდუს კარიერის მეორე ოქროს ბურთი მოუტანა. 


უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, ანგარიში კვლავ რონალდუმ გახსნა. თითქოს პორტუგალიელები ბრაზილიის საგზურთან ერთ ნაბიჯში იყვნენ, თუმცა სცენაზე ზლატანი გამოჩნდა - დუბლი ოთხ წუთში და შვედების გაცოცხლებული იმედი. შვედ ათიანს არც პორტუგალიელი შვიდიანი ჩამორჩა - რონალდუმ 77-ე წუთზე დუბლი, ხოლო კიდევ ორ წუთზე ჰეთ-თრიქი გაიფორმა და სკანდინავიელების ყველანაირი ოცნება დაასამარა. კაპიტანმა კარიერის საუკეთესო სანაკრებო მატჩი ჩაატარა და პორტუგალია მუნდიალზე გაიყვანა. 



2014 წლის მუნდიალი პორტუგალიისთვის მძიმე გამოდგა - კრიშტიანუ მსოფლიო თასს არც ისე სახარბიელო ფიზიკურ კონდიციაში შეხვდა და ეს ყველაფერი შედეგებზეც აისახა. ბენტოს გუნდი პირველ მატჩში გერმანიასთან 4:0 განადგურდა, შემდეგ ამერიკასთან წაგებას ბოლო წუთზე გადაურჩა, ხოლო ბოლო ტურში განასთან მოგებით საერთო სურათი ვერ შეცვალა და ჯგუფში ჩარჩა. რონალდუმ ტურნირის ერთადერთი გოლი სწორედ ამ უკანასკნელს გაუტანა.



სამუნდიალო კრახის შემდეგ, პორტუგალიის ნაკრებში ახალი ერა დაიწყო - მთავარი მწვრთნელის პოსტზე პაულო ბენტო ფერნანდუ სანტუსმა შეცვალა. კრიშტიანუმ და კომპანიამ განახლებული ევროსთვის დაიწყო მზადება. საფრანგეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალია ჯგუფში ავსტრიასთან, ისლანდიასთან და უნგრეთთან მოხვდა. წინა მუნდიალის მსგავსად, პორტუგალიამ ამ შემთხვევაშიც მძიმედ დაიწყო. ისლანდიასთან 1:1 და ავსტრიასთან უგოლო ფრე - მატჩის ბოლოს კრიშტიანუს გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი და ჯგუფში ჩარჩენის ძალიან რეალური საფრთხე.


მესამე ტურში პორტუგალიამ და უნგრეთმა ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი მოაწყვეს - ზოლტან გერასა და ბალაჟ ჟუჟაკის დუბლს კრიშტიანუმ დუბლითა და საგოლე გადაცემით უპასუხა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო რონალდუს პირველი გოლი. შვიდიანმა ბურთი  გაბორ კირაის კარში ქუსლით გადაგზავნა - 3:3, მესამე ფრე, მაგრამ ახალი ფორმატი საუკეთესო მესამეადგილოსნებს პლეი-ოფში თამაშის საშუალებას აძლევდა. 



პორტუგალიისთვის ყველაფერი იდეალურად დალაგდა - მესამე ადგილიდან გასვლის მიუხედავად ფერნანდუ სანტუშის შეგირდები უკეთეს ბადეში მოხვდნენ და აცდნენ ისეთ გუნდებთან თამაშის შესაძლებლობას, როგორებიც ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია ინგლისი არიან. თუმცა მერვედფინალში პორტუგალიას ის ხორვატია შეხვდა, რომელმაც ჯგუფი ესპანეთს მოუგო. 120-წუთიან საკმაოდ მოსაწყენ დაპირისპირებაში გულშემატკივარმა პირველი კარში დარტყმა 117-ე წუთზე იხილა - კრიშტიანუს დარტყმა სუბასიჩმა მოიგერია, დამატებაზე კუარეჟმას ვეღარავინ დაასწრო. 1:0. 


მეოთხედფინალში რონალდუს ლევანდოვსკი დაუხვდა. ნახევარფინალის საგზურის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა - პორტუგალიელებმა თერთმეტმეტრიანები იდეალურად შეასრულეს. ფინალის საგზურისთვის ლიონში პორტუგალია ტურნირის ერთ-ერთ სენსაციას, უელსს დაუპირისპირდა. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ პორტუგალიელებს მხსნელად კვლავ კრიშტიანუ მოევლინა - თავური დარტყმა ორმეტრნახევარი სიმაღლიდან და უშანსოდ დარჩენილი ჰენესი. სამ წუთში კრიშტიანუმ ნანის გაატანინა და 12 წლის შემდეგ პორტუგალია ევროპის ჩემპიონატის ფინალში დაააბრუნა. 



ფინალში პორტუგალიას მასპინძელი საფრანგეთი დაუხვდა. პარიზში გამართული დაპირისპირება რონალდუსთვის მძიმედ დაიწყო - მატჩის დაწყებიდან რვა წუთში დიმიტრი პაიემ კრიშტიანუზე იუხეშა. პორტუგალიელთა მედიკოსთა თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად რონალდუმ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და მოედანი 25-ე წუთზე დატოვა. 



გუნდი ლიდერის გარეშე დარჩა, თუმცა კრიშტიანუ გუნდს მეორე მწვრთნელად და მოტივაციის უდიდეს წყაროდ მოევლინა - დამატებით დროში გადასული მატჩის გმირი ედერი გახდა. ლილის ფორვარდმა ფრანგებს 109-ე წუთზე დაუტანა და პორტუგალიას ნანატრი ტიტული მოუტანა. ევროპის საკლუბო ჩემპიონობის შემდეგ რონალდუმ თავის ურიცხვ რეგალიას სანაკრებო ჩემპიონობაც შემატა.



2018 წლის მუნდიალის წინ შესანიშნავი საკვალიფიკაციო ციკლი უძღოდა, ხოლო რუსეთში გამართული მსოფლიო თასი რონალუსთვის საოცრად დაიწყო - კრიშტიანუმ ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ სამუნდიალო კარიერის უდიდიესი ჰაილაითი შექმნა. მატჩის მიწურულს გატანული ბრწყინვალე გამათანაბრებელი საჯარიმო დარტყმა და ჰეთ-ტრიქი დავიდ დე ხეას კარში. პორტუგალიამ შემდეგ მატჩში მაროკოს სძლია - თავი კვლავ კრიშტიანუმ გამოიჩინა, შემდეგ კი მოვლენები მათ სასიკეთოდ აღარ განვითარდა. ირანთან გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის მიუხედავად, პორტუგალიამ პლეი-ოფის საგზური მაინც მოიპოვა, თუმცა პირველივე ეტაპზე, ურუგვაისთან დამარცხდა.



რონალდუს 5 გოლის მიუხედავად, წარმატებული არც 2021 წელს გამართული დაგვიანებული ევროპის ჩემპიონატი აღმოჩნდა, თუმცა მანამდე იყო კიდევ ერთი მრავალგოლიანი შესარჩევი და მეორე სანაკრებო ტიტული - პორტუგალიის ნაკრები პირველი ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ფინალში პორტუგალია კრიშტიანუს ჰეთ-თრიქით გავიდა - რონალდუმ შვეიცარიის ნაკრები არ დაინდო. ფინალურ მატჩში პორტუგალიას გმირად ამჯერად გონსალო გედეში მოევლინა - ფერნანდო სანტუშის შეგირდებმა ნიდერლანდებს 1:0 სძლიეს.



2022 წლის მუნდიალს კრიშტიანუ არაერთი პრობლემით შეხვდა - დალაგებული სიტუაცია არც პორტუგალიის ბანაკში მოჩანდა. რონალდუმ პირველივე მატჩში გაიტანა, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა - შვიდიანი სათადარიგოთა სკამზე გადაჯდა. მართალია მისმა შემცვლელმა შვეიცარიასთან ჰეთ-თრიქი შეასრულა, მაგრამ მაროკოსთან პორტუგალიას ვერც გონსალო რამოშმა უშველა და ვეღარც კრიშტიანუმ. კაპიტანმა მოედანი ცრემლიანმა დატოვა.



შემდეგ იყო კიდევ ერთი უხვგოლიანი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლი და უგოლო ევრო 2024. ერთი წლის შემდეგ პორტუგალიამ კიდევ ერთხელ მოიგო ერთა ლიგა - ამჯერად რონალდუმ და კომპანიამ ლამინ იამალის ესპანეთი დაამარცეს. კრიშტიანუმ სანაკრებო თასი მესამედ აღმართა. 



2026 წლის მუნდიალი 41 წლის რონალდუსთვის ბოლო შანსი უნდა ყოფილიყო - ნაკრები მის გარშემო ვერც ამჯერად გაერთიანდა. რონალდუმ უზბეკეთთან ორჯერ გაიტანა და პირველი ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, რომელმაც ექვს მუნდიალზე შეძლო გატანა, კრიშტიანუმ პლეი-ოფის მშრალი სერიაც დაასრულა და მეთექვსმეტედფინალში ხორვატიას გაუტანა, თუმცა პორტუგალიისთვის ესპანეთის ბარიერი დაუძლეველი აღმოჩნდა. ოცნება ოცნებად დარჩა - გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ იხილა ცრემლიანი კრიშტიანუ.



“პორტუგალია სამუდამოდ”- დაწერა სოციალურ ქსელში რონალდუმ მატჩის შემდგომ. პორტუგალია, რომლის მაისურიც პირველად ჯერ კიდევ პატარა ბიჭმა მოირგო, პატარა ბიჭმა მადეირადან და 233-ჯერ ამაყად ატარა. მაისური, რომლითაც ქვეყნისთვის 146 გოლი გაიტანა და არაერთი დაუვიწყარი მოგონება აჩუქა.



ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

რონალდო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რონალდო მბაპეს თავის საუკეთესო პერიოდს ადარებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდო მბაპეს თავის საუკეთესო პერიოდს ადარებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპემ ბრაზილიელი ლეგენდების რეკორდი მოხსნა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მბაპემ ბრაზილიელი ლეგენდების რეკორდი მოხსნა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რონალდო ანჩელოტისა და ვინისიუსს მწვავედ აკრიტიკებს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რონალდო ანჩელოტისა და ვინისიუსს მწვავედ აკრიტიკებს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რონალდო: „ყველაფერი, რაც პრესაში ჩემზე დაიწერა - ტყუილია"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რონალდო: „ყველაფერი, რაც პრესაში ჩემზე დაიწერა - ტყუილია"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

29 ივნ, 2026

რონალდო მბაპეს თავის საუკეთესო პერიოდს ადარებს

News image

01 ივლ, 2026

მბაპემ ბრაზილიელი ლეგენდების რეკორდი მოხსნა

News image

06 ივლ, 2026

რონალდო ანჩელოტისა და ვინისიუსს მწვავედ აკრიტიკებს

News image

07 ივლ, 2026

რონალდო: „ყველაფერი, რაც პრესაში ჩემზე დაიწერა - ტყუილია"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება