დიდი ბრიტანეთი 2038 ან 2042 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადება.
The Sun-ის ცნობით, ამბიციურ პროექტს მხარს პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი უჭერს და მისი მიზანია, 1966 წლის შემდეგ პირველად, ფეხბურთის მთავარი ტურნირი ბრიტანულ მიწაზე დააბრუნოს.
ბერნემი მიიჩნევს, რომ მუნდიალის მასპინძლობა ქვეყნისთვის უდიდესი ეკონომიკური სარგებლის მომტანი იქნება. მისი სტრატეგია ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს, რომლის სიკეთეებსაც არა მხოლოდ ლონდონი, არამედ მთელი ქვეყანა თანაბრად იგრძნობს.
მზადყოფნა და ინფრასტრუქტურა
ბრიტანეთს უკვე აქვს უმაღლესი დონის სტადიონები და სატრანსპორტო ქსელი მსგავსი მასშტაბის ტურნირის მისაღებად. მართალია, ინგლისს მსოფლიო ჩემპიონატისთვის 1966 წლის შემდეგ არ უმასპინძლია, თუმცა ქვეყანამ წარმატებით ჩაატარა ევრო 1996, უმასპინძლა ევრო 2020-ის ფინალს და ირლანდიასთან ერთად ევრო 2028-ის თანამასპინძელიც იქნება.
ფიფას კალენდარი და კონკურენცია
მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე საუბრები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ტომას ტუხელის ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრებმა 2026 წლის მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა (პლეი-ოფში საფრანგეთი დრამატულ ბრძოლაში, 6:4 დაამარცხა).
ცნობილია, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ესპანეთი, მაროკო და პორტუგალია უმასპინძლებენ (სადღესასწაულო მატჩებით სამხრეთ ამერიკაში), ხოლო 2034 წლის მუნდიალი საუდის არაბეთში გაიმართება. ფიფას როტაციის წესის თანახმად, 2038 და 2042 წლები ევროპული ქვეყნებისთვის შემდეგი ღია შესაძლებლობაა.
ბრიტანულ განაცხადს, სავარაუდოდ, სერიოზული კონკურენცია შეხვდება, თუმცა ფეხბურთის სამშობლოში ტურნირის დაბრუნებას გულშემატკივრებისთვის უდიდესი ემოციური და ისტორიული დატვირთვა აქვს.