• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ფეხბურთი ტბის პირას ანუ იტალიური კლუბის ახალი ისტორია
ფეხბურთიფეხბურთი

ფეხბურთი ტბის პირას ანუ იტალიური კლუბის ახალი ისტორია

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

„ყველაზე ლამაზი ფეხბურთი ყველაზე ლამაზ ადგილას.“ — ვკითხულობთ უისტორიო, თუმცა ახლა უკვე ამბიციური იტალიური კლუბის, „კომოს“ სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე. შესაძლოა, ეს განაცხადი სესკ ფაბრეგასის გუნდის მხრიდან გადაჭარბებულია, მაგრამ ამჟამად აპენინებზე რთულად მოიძებნება გუნდი, რომელიც მასზე სანახაობრივი თამაშს აჩვენებს.


გასულ კვირას, „რომას“ ვარსკვლავმა და მსოფლიო ჩემპიონმა დანიელე დე როსიმ აღიარა, რომ მას მერე, რაც თითქმის ერთი წლის წინ „ჯენოა“ ჩაიბარა, ასეთი ძლიერი მეტოქე არ შეხვედრია.


ქალაქ კომოს „ჯუზეპე სინიგალიას“ სტადიონი არც დიდია და არც თანამედროვე. 13 000-იანი არენა თითქმის 100 წლისაა და გულწრფელად რომ ვთქვათ, მიუხედავად ბოლო პერიოდში ჩატარებული განახლებისა, მისი ასაკი დღემდე იგრძნობა, მაგრამ თავად სტადიონი თუკი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ნამდვილად ვერ ტოვებს, გარემო უბრალოდ თვალწარმტაცია.



კომოელთა საფეხბურთო სარბიელი თვალისმომჭრელი ტბის ნაპირზე მდებარეობს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული ტურისტული ლოკაციაა არამხოლოდ იტალიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. სწორედ ასეთ გარემოში გამართა „კომომ“ ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ხნის ნანატრი სადებიუტო მატჩი, სადაც „ლაიპციგის“ წინააღმდეგ ლაღი ბურთაობით შთამბეჭდავ ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია.



გასაკვირი არაა, რომ ლომბარდიულ ქალაქში საფეხბურთო ბილეთები ძალიან მცირე რაოდენობითაა ხელმისაწვდომი, ამიტომაც ინდონეზიელმა პრეზიდენტმა მირვან სუვარსომ, ასევე ხელმძღვანელობის სხვა წევრებმა, საკუთარი ადგილები დათმეს, რათა კლუბის 40-ზე მეტ უხუცეს გულშემატკივარს სანუკვარ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზე დასწრების საშუალება ჰქონოდა. ეს მისასალმებელი ჟესტი კი კიდევ ერთი მასტერკლასია იმ მენეჯმენტისგან, რომელსაც 2019 წელს კლუბის შეძენის შემდეგ თითქმის არცერთი არასწორი ნაბიჯი არ გადაუდგამს.



იმ დროს „კომო“ 1 მილიონ ევროზე ნაკლები ღირდა, თუმცა სუვარსო ამბობს, რომ ახლა მისმა ღირებულებამ შესაძლოა 1 მილიარდ ევროს გადააჭარბოს. როგორ მიაღწია „ლარიანიმ“ (გუნდის მეტსახელი) ამას? როგორ მოახერხა ასეთმა პატარმა კლუბმა იტალიური ფეხბურთის მესამე ლიგიდან ამოსვლა და ასეთ მოკლე დროში ევროპულ ელიტასთან ტოლ-სწორად ბრძოლა? რამდენად მაღლა და წინ შეიძლება წავიდეს საფეხბურთო კიბეზე ფაბრეგასის გაწვრთნილი კოლექტივი?...


ცნობისთვის, „კომო“ თავისი არსებობის ისტორიაში მეოთხე ჯერზე მონაწილეობს სერია A-ში: პირველად „ლურჯ-თეთრებმა“ 1949-53 წლებში 4 სეზონი იასპარეზეს იტალიის ჩემპიონატში, შემდეგ 1984-89 წლებში 5 სეზონი ითამაშეს და სანამ 2024 წელს მეოთხედ აღზევდებოდნენ, მესამე პერიოდი იტალიის პირველობაში მხოლოდ ერთსეზონიანი იყო — 2002-03 წლებში. ტიტულები გაინტერესებთ? სამჯერ მოგებული სერია B და ჯამში ათიოდე მოკრძალებული გამარჯვება სერია C-სა და D-ში.


2019 წლიდან კლუბი ინდონეზიური სიგარეტის კონგლომერატ Djarum Group-ის მფლობელობაშია, რომლის მეპატრონე ძმები ჰარტონოებიც პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიაში შედიან. ამრიგად, იტალიური კლუბის რეალური გამოწვევა იმის გარკვევა იყო, თუ როგორ უნდა მომხდარიყო დიდი თანხების საუკეთესოდ ინვესტირება.


მირვან სუვარსოს საფეხბურთო კლუბის მართვის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. შესაბამისად, დასხმარებლად ინგლისისა და „ჩელსის“ ყოფილ ნახევარმცველს, დენის უაიზს მიმართა. შესყიდვის მომენტში ინგლისელი სპეციალისტი ჩართული იყო ინდონეზიურ ახალგაზრდული განვითარების პროგრამაში, რომელსაც Djarum Group აფინანსებდა. უაიზი თავიდან „კომოში“ კონსულტანტის რანგში მუშაობდა, მოგვიანებით კი გენერალური დირექტორი (CEO), ხოლო შემდეგ პრეზიდენტი გახდა.



„საფეხბურთო კლუბზე სრული კონტროლი მე ავიღე. შენობაში დასაქმებული თითოეული ადამიანიც კი მე ავირჩიე. როდესაც იქ ჩავედი, კლუბს საკუთარი სავარჯიშო ბაზაც კი არ ჰქონდა, მხოლოდ წლიური იჯარით სარგებლობდნენ. ფაქტობრივად, კლუბი ორჯერ იყო გაკოტრებული და მატჩებზე მხოლოდ 800-მდე მაყურებელი დადიოდა. პირველ რიგში, საქმე ეხებოდა გულშემატკივართა რაოდენობის გაზრდას, კლუბის გარშემო თემის გააქტიურებას, სავარჯიშო ბაზის მოპოვებასა და აკადემიის შექმნას, რომელიც მანამდე სხვებისთვის იყო გადაცემული, ამიტომ ყველაფერი შინ უნდა დაგვებრუნებინა. მირვანმა სამოქმედოდ სრული თავისუფლება მომცა. სატრანსფერო ბაზარზე დასახარჯი თანხა თითქმის არასდროს მქონია, ამიტომ ძალიან მომგებიანი გარიგებების ძებნა მიწევდა. ერთხანს 14 ფეხბურთელი გვყავდა იჯარით აყვანილი და ყველაფერი ფეხბურთელების დინამიკაზე იყო დამყარებული, რადგან დასახარჯი ფული არ გვქონდა. შემდეგ კი, უცებ, ყველაფერმა პროგრესი დაიწყო“, — განმარტა მოგვიანებით The Coaches' Voice-თან დენის უაიზმა. 


2021 წლისთვის „კომო“ სერია B-ს დაუბრუნდა — პირველად ოთხი წლის წინ მომხდარი მეორე გაკოტრების შემდეგ. მომდევნო ზაფხულს გუნდს სესკ ფაბრეგასი შეუერთდა, როგორც მოთამაშის, ისე აქციონერის რანგში, რაც მფლობელთა ამბიციების ყველაზე თვალსაჩინო დემონსტრაცია იყო. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონის კომოში მისვლაში გადამწყვეტი როლი სწორედ დენის უაიზმა ითამაშა.


ფაბრეგასს, უაიზსა და სუვარსოს ერთი საერთო მიზანი ჰქონდათ: „ლარიანის“ სერია A-ში დაბრუნება და 2024 წელს, ორ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, კლუბი იტალიის ჩემპიონატში აღზევდა. 



იმ დროისთვის სესკ ფაბრეგასი უკვე მთავარ გუნდს უძღვებოდა. ის ტექნიკურად მთავარ მწვრთნელ ოშან რობერტსის ასისტენტად იყო გაფორმებული, თუმცა ეს მხოლოდ იმიტომ, რომ „არსენალის“, „ჩელსისა“ და „ბარსელონას“ ყოფილ ვარსკვლავს სამწვრთნელო ლიცენზიის ყველა საჭირო კვალიფიკაცია ჯერ კიდევ არ ჰქონდა აღებული, თუმცა ყველამ იცოდა, რომ გადაწყვეტილებებს ფაბრეგასი იღებდა და მისი გავლენის სრული მასშტაბი მხოლოდ მაშინ გახდა აშკარა, როდესაც 2024 წლის ზაფხულში დენის უაიზმა ტბისპირეთი დატოვა და თავისი მოულოდნელი წასვლა იმით ახსნა, რომ კლუბმა სესკის მიმართულების გაყოლა გადაწყვიტა.


„ჩვენ ერთი ხედვა და ერთი მიზანი გვაქვს: ვიყოთ რაც შეიძლება მაღლა. ჩვენ ჯერ კიდევ პატარა კლუბი ვართ, მაგრამ მომავლის დიდი, ძალიან დიდი ამბიციებით“, — ეს სიტყვები სწორედ ესპანელს ეკუთვნის.


სესკ ფაბრეგასმა გუნდი გასულ სეზონში იტალიის პირველობაზე მეოთხე ადგილზე გაიყვანა, რამაც თავად კლუბის ხელმძღვანელობაც გააოცა. 



როგორც მირვან სუვარსო განმარტავს, ფინანსური თვალსაზრისით კლუბს ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე გასვლით დიდად არ უხეირია, რასაც Football Benchmark-ის საკონსულტაციო დირექტორი ანტონიო დი ჩანიც ეთანხმება.


„თუ ფინანსურ ანგარიშებს გადავხედავთ, ამჟამად იგი ზარალიანი კლუბია, მაგრამ ვიტყოდი, რომ არსებულ ვითარებაში ეს სრულიად ნორმალურია, რადგან ეს განსხვავებული მოდელია იმისგან, რასაც ფეხბურთში ჩვეულებრივ ვხედავთ. Djarum-ს ხომ არ შეუძენია მაღალი შემოსავლების მქონე საფეხბურთო კლუბი, იგი ხომ ქვედა ლიგებიდან მოდის. მათ ფაქტობრივად ნულიდან შექმნეს ახალი კლუბი“, — ამბობს დი ჩანი.


პარალელურად, „კომო“ დიდ შრომას ეწევა მარკეტინგისა და ლიცენზირების მიმართულებით, რათა მაქსიმალურად აითვისოს ქალაქის სავიზიტო ბარათად ქცეული ტბის ბრენდი. ინდონეზიური კომპანია ყველაფერს აკეთებს ამ ბრენდის პოტენციალის ასათვისებლად უკვე შექმნეს კერძო წევრების კლუბი (The Club On The Lake), რომლის წლიური საწევრო გადასახადი 4500 ევროა.


ტურიზმისა და ფეხბურთის ერთ წერტილში გადაკვეთამ კი ის ქნა, რომ უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში „სინიგალიაზე“ გამოჩნდნენ ისეთი ჰოლივუდის ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ჰიუ გრანტი, მაიკლ ფასბენდერი, ედრიენ ბროუდი, კირა ნაითლი, კეიტ ბექინსეილი, ჯეფ გოლდბლუმი, ბენედიქტ კამბერბაჩი და ჰიუ ჯეკმანი.



კლუბს სხვა ცნობილი აქციონერებიც ჰყავს, მაგალითად — ტიერი ანრი. რაფაელ ვარანი კი დირექტორთა საბჭოშია, მაგრამ სესკ ფაბრეგასი მაინც მთავარი ფიგურაა, მთელი საწარმოს სახე, როგორც მას მირვან სუვარსო უწოდებს.


მფლობელებმა ახალგაზრდა ესპანელ მწვრთნელს თავიდანვე მკაფიოდ განუცხადეს, რომ მათ შემტევი სტილის მქონე გუნდის ხილვა სურდათ. მიზანი მაყურებლის გართობა უფრო იყო, ვიდრე სატურნირო ქულების დაგროვება. 


ამჟამად კლუბი ჯერ კიდევ საკმაოდ დიდწილადაა დამოკიდებული სატრანსფერო ბაზარზე კონკურენტუნარიანი შემადგენლობის შესაქმნელად, რადგან გარკვეული დრო დასჭირდება საიმისოდ, სანამ ადგილობრივი ტალანტები გაიზრდებიან. ეს ყველაფერი ასევე ხსნის იმას, თუ რატომ არ შოულობს „კომო“ ჯერ-ჯერობით დიდ ფულს ფეხბურთელების გაყიდვით. 


ლომბარდიული პატარა ტბისპირა ქალაქი 85 000 მოსახლეს და ყოველ ზაფხულს ჩასულ 4 მილიონზე მეტ ტურისტს ითვლის. მიმდინარე სეზონში მათი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობენ და მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შორს წავა „ლარიანი“, წარმოვიდგინოთ, რომ მხოლოდ მონაწილეობით, შესაძლოა, კლუბმა 30-დან 40 მილიონ ევრომდე მიიღოს. 


ამბობენ, ფეხბურთში არანაირი გარანტიები არ არსებობს და ჯერ კიდევ სადავოა, რამდენად სტაბილური იქნება „კომო“ სპორტული შედეგების კუთხით. რთულია იმის თქმა, გახდება თუ არა იგი სერია A-ს სტაბილური გუნდი, რომელიც რეგულარულად იბრძოლებს ევროტურნირების საგზურებისთვის თუ მორიგი მაქსიმუმ ხუთწლიანი პერიოდი ექნებათ ელიტაში და ისევ ქვედა დივიზიონებში დაქვეითდებიან.


საფეხბურთო ჭრილში დასმული ეს კითხვები ჯერ კიდევ მოკრძალებული კლუბის ღირებულებაზე მოქმედებს, მაგრამ თუ ფეხბურთი ისეთივე ლამაზი იქნება, როგორიც მისგან განუყრელი ულამაზესი ტბა, ვიმედოვნოთ, რომ „კომოს“ სადებიუტო ევროპული კამპანია უკანასკნელი არ იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

იტალია
კომო
ფაბრეგასი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

5 გუნდი, რომლებისგანაც ლიგაზე სიურპრიზებს ველით

•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 გუნდი, რომლებისგანაც ლიგაზე სიურპრიზებს ველით
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,მეგობრები, რომლებმაც ოცნება აისრულეს" - ემოციური ისტორია მამუკელაშვილზე

•კალათბურთი

კალათბურთი

,,მეგობრები, რომლებმაც ოცნება აისრულეს" - ემოციური ისტორია მამუკელაშვილზე
•კალათბურთი

კალათბურთი

პირველად 1966 წლის შემდეგ - ანტონელის ტრიუმფი ბოლო რიგებიდან

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

პირველად 1966 წლის შემდეგ - ანტონელის ტრიუმფი ბოლო რიგებიდან
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

დასაფასებელი საქციელი - რა გააკეთა კომოს პრეზიდენტმა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დასაფასებელი საქციელი - რა გააკეთა კომოს პრეზიდენტმა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

01 სექ, 2026

5 გუნდი, რომლებისგანაც ლიგაზე სიურპრიზებს ველით

News image

03 სექ, 2026

,,მეგობრები, რომლებმაც ოცნება აისრულეს" - ემოციური ისტორია მამუკელაშვილზე

News image

06 სექ, 2026

პირველად 1966 წლის შემდეგ - ანტონელის ტრიუმფი ბოლო რიგებიდან

News image

09 სექ, 2026

დასაფასებელი საქციელი - რა გააკეთა კომოს პრეზიდენტმა?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება