-
Aa
+
ფონტის ზომა
წაიკითხეთ: პსჟ-ს ზედიზედ მესამე? - ჩემპიონთა ლიგის 5 მთავარი ფავორიტი
რომა
ახალ სეზონში რომა ისეთ გუნდად მოჩანს, რომელსაც არაერთი სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია. ჯან პიერო გასპერინის გუნდს ბევრი სერია ა-ს მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტადაც მოიაზრებს და ალბათ ჯალოროსის მთავარი მიზანიც სწორედ ეს იქნება - 26 წლის შემდეგ სკუდეტოს დედაქალაქში დაბრუნება. გასული სეზონის მესამე ადგილოსნები ზაფხულში საგრძნობლად გაძლიერდნენ - არაერთი ტრანსფერიდან ყველაზე მეტად გამოსარჩევი მაინც სანტიაგო კასტროს, დონიელ მალენისა და ახალგაზრდა პორტუგალიელი ტალანტის როდრიგო მორას დამატება იყო. იმ თამაშითა და ახალი ენერგიით, რომელიც გასპერინის გუნდმა საწყის ტურებში აჩვენა, ჯალოროსის ჩემპიონთა ლიგაზეც არაერთი სიურპრიზის შემოთავაზება შეეძლება.
ფენერბაჰჩე
ფენერი უდავოდ ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდია. თურქეთის ვიცე-ჩემპიონმა გასული სეზონის შემდეგ ისედაც ძლიერი შემადგენლობა კიდევ უფრო გააძლიერა - 100 მილიონი ევროს დახარჯვის შემდეგ ისმაილ კარტალს ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. ედერსონს, დიეგო კარლოსს, ნელსონ სემედოს, მილან შკრინიარს, მატეო გენდუზის, მარკო ასენსიოს, ტალისკას, ნგოლო კანტეს, კარემ ართურქოღლუსა და სხვებს რომელუ ლუკაკუ, მეისონ გრინვუდი, ნათან აკე, ვედათ მურიქი და სხვები დაემატნენ - ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ლიონის გამოგდების შემდეგ ფენერი 18 წლის შემდეგ ლიგის ფინალურ ეტაპზე დაბრუნდა და გულშემატკივარს არაერთ სიურპრიზს ჰპირდება.
კომო
სიაში მეორე იტალიური კლუბი სერია ა-ს შარშანდელი აღმოჩენა კომოა. სესკ ფაბრეგასის გუნდი ბოლო სეზონებია მზარდად პროგრესირებს და სატრანსფერო ბაზარზეც საკმაოდ აქტიურობს, რასაც ბოლო სეზონების მანძილზე დახარჯული ასეულობით მილიონი მოწმობს. ლამაზ სტილში მოპოვებული ჩემპიონთა ლიგის საგზური, არაერთი უმაღლესი დონის ფეხბურთელი ნიკო პასის ლიდერობით და ამ გუნდის მთავარი შემოქმედი სესკ ფაბრეგასი მომავალ სეზონში ლამაზ ჩემპიონთალიგურ საღამოებს გვპირდებიან.
წაიკითხეთ ვრცლად: კომო - ტბისპირელების ესპანური ზღაპარი
ლანსი
სიაში შემდეგი გუნდი ფრანგული ლანსია - მას შემდეგ რაც ლიგა 1-ის გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელმა, პიერ საჟმა პა-დე-კალელები დატოვა და კრისტალ პალასს შეუერთდა, შარშანდელი მეორეადგილოსნები ჩვენთვის კარგად ნაცნობი კლაუს ტოპმიოლერის ვაჟმა, დინო ტოპმიოლერმა ჩაიბარა. მიუხედავად იმისა, რომ ლანსმა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამადუ სანგარე ბრენტფორდში 48 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდა, ფლორიან ტოუენი და კომპანია საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება და ამას სეზონის სტარტზე საფრანგეთის სუპერთასზე პარი სენ-ჟერმენის დამარცხებაც მოწმობს.
ვიკინგი
გასულ სეზონში მსოფლიო ბოდო-გლიმტმა გააოცა. მართალია, ბოლოს ნორვეგიელები არც ისე ღირსეულად დაემშვიდობნენ ლიგას, თუმცა სპორტინგთან მეორე მატჩამდე განვლილი გზა მართლაც რომ საოცარი იყო - დამარცხებული მანჩესტერ სიტი, დამარცხებული მადრიდის ატლეტიკო და გაგდებული მილანის ინტერი. ამ გუნდს კი შიდა ასპარეზზე სტავანგერის ვიკინგმა აჯობა - ჩემპიონატი ერთი ქულით მოუგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გზაზე დინამო ზაგრები დაამარცხა. ვნახოთ, შემოგვთავაზებს თუ არა მორიგ ზღაპარს მორიგი ნორვეგიული კლუბი.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები