3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის ატლეტიკოსთან შეხვედრაში პირველივე წუთზე გაშვებული გოლიდან 8 დღის შემდეგ, იუნაიტედის დაცვა კვლავ მატჩის დასაწყისშივე ჩავარდა.
ამჯერად მეტოქეს ანგარიშის გასახსნელად მხოლოდ 118 წამი დასჭირდა, არგენტინელმა ვარსკვლავმა ნიკო პასმა თავისი 2 გოლიდან პირველი გაიტანა.
ამგვარად, მანჩესტერ იუნაიტედი ისტორიაში პირველი ინგლისური გუნდი გახდა, რომელმაც ზედიზედ 2 მნიშვნელოვან ევროპულ შეხვედრაში გოლი პირველ 2 წუთში გაუშვა.
ეს ნამდვილად არ არის ისეთი რეკორდი, რომლითაც ოლდ ტრაფორდზე ვინმე იამაყებდა.
როდესაც მანჩესტერ იუნაიტედმა 2008 წელს ჩემპიონთა ლიგა უკანასკნელად მოიგო, კომო იტალიის სერია D-ში ასპარეზობდა.
ამ ორი კლუბის განვითარების სრულიად განსხვავებულ მიმართულებებზე ყველაზე კარგად სწორედ ეს მატჩი მეტყველებს, იტალიელებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
ნიკო პასმა დუბლი შეასრულა, ამ 2 გოლს შორის კი ტასოს დუვიკასს საგოლე გადაცემა გაუკეთა. მე-4 გოლი კი ხაკობო რამონმა ძლიერი თავური დარტყმით გაიტანა.
ერთ მომენტში ჩანდა, რომ იუნაიტედს შესაძლოა კიდევ ერთი არასასურველი რეკორდი გაემეორებინა.
ინგლისური კლუბის ისტორიაში ევროტურნირებზე ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი 1964 წლით თარიღდება, როდესაც მან პორტუგალიურ სპორტინგთან 0:5 წააგო.
გუნდის კაპიტანი ბრუნო ფერნანდეში მეორე ტაიმის შუაში ჯოშუა ზირკზეემ შეცვალა.
მანამდე, შესვენებაზე, კერიკმა მოედნიდან მატეუს კუნია და ანდრეი სანტოსი გაიყვანა, ფეხბურთელები, რომელთა ტრანსფერებშიც INEOS-მა ჯამში 110 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა.
მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ზირკზეემ თამაშგარე მდგომარეობის ზღვარზე კარგად იმოქმედა, ამად დიალოს ჩაწოდება გამოიყენა და მშვიდად გაიტანა პრესტიჟის გოლი, თუმცა ამან გუნდში არსებული მძიმე განწყობა ვერაფრით შეცვალა.
მატჩის დასრულების შემდეგ კერიკმა, როგორც ჩანს, საკუთარი ფეხბურთელები უყურადღებოდ დატოვა და პირდაპირ მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრებისკენ გაემართა. ის მათ არაერთხელ აწეული ხელებით უხდიდა ბოდიშს.
ეს სცენა ძალიან ჰგავდა ოლე გუნარ სულშერის საქციელს 2021 წლის ნოემბერში, როდესაც მანჩესტერ იუნაიტედი უოტფორდთან 1:4 დამარცხდა.
მაშინ ნორვეგიელმა სპეციალისტმა გულშემატკივრებს ანალოგიურად მოუხადა ბოდიში, 24 საათის შემდეგ კი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები