მადრიდის რეალს სურს, რომ პრემიერ ლიგის ექვსმა კლუბმა, რომლებიც თავდაპირველად ევროპის სუპერლიგის (ESL) პროექტს შეუერთდნენ, მოგვიანებით კი მას გამოეთიშნენ, გაუქმებული პროექტის საწყისი ხარჯების ნაწილი დაფარონ.
სიტუაციასთან დაახლოებული რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ესპანურ კლუბში მიიჩნევენ, რომ არსენალმა, ჩელსიმ, ლივერპულმა, მანჩესტერ სიტიმ, მანჩესტერ იუნაიტედმა და ტოტენჰემმა პროექტის შექმნასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით სუპერლიგა დატოვეს.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აღნიშნული ხარჯების საერთო მოცულობამ შესაძლოა 80 მილიონ ევროს მიაღწიოს.
მადრიდის რეალი, ბარსელონა და იუვენტუსი აქამდე სუპერლიგის პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს ერთმანეთში ინაწილებდნენ. შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერლიგის შექმნის გეგმები ოფიციალურად 2021 წლის აპრილში გამოცხადდა.
სუპერლიგის 12 დამფუძნებელი კლუბიდან ცხრამ პროექტი მისი გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში დატოვა. მათ შორის იყვნენ პრემიერ ლიგის ექვსივე წარმომადგენელი, ატლეტიკო, მილანი და ინტერი.
2023 წელს იუვენტუსმაც განაცხადა, რომ პროექტიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო 2026 წლის თებერვალში სუპერლიგა ოფიციალურად ბარსელონამაც დატოვა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ კლუბებს ხელი ჰქონდათ მოწერილი ევროპის სუპერლიგის კომპანიის (European Super League Company) აქციონერთა შეთანხმებაზე. აღნიშნული კომპანია ესპანეთში რეგისტრირებულ ჰოლდინგურ კომპანიას წარმოადგენს.
აღნიშნული შეთანხმება კლუბებს გარკვეულ გარანტიებს აძლევდა პროექტის მომავალთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ.
თუმცა, ევროპის სუპერლიგის პროექტი გულშემატკივრებისა და სხვა საფეხბურთო კლუბების მხრიდან მასშტაბური პროტესტის შემდეგ ჩაიშალა.
2021 წლის აპრილში, მას შემდეგ, რაც 9 კლუბმა სუპერლიგა დატოვა, მადრიდის რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა:
არ ვაპირებ დროის დახარჯვას იმის ახსნაზე, თუ რას ნიშნავს იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება. თუმცა ფაქტია, რომ კლუბებს პროექტის დატოვება არ შეუძლიათ.
ვალდებულნი არიან თუ არა პრემიერ ლიგის 6 კლუბი, სუპერლიგის შექმნასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილი დაფარონ, სავარაუდოდ, ხელშეკრულების პირობების სამართლებრივ ინტერპრეტაციაზე იქნება დამოკიდებული.
კერძოდ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ განიმარტება შეთანხმებაში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც კლუბები ვალდებულებას იღებდნენ, პროექტი „ერთობლივად ჰქონოდათ საკუთრებაში და ემართათ“.
მთავარი საკითხი ისაა, მოიცავს თუ არა აღნიშნული ფორმულირება ფინანსურ ვალდებულებებსაც.