-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ სიტის შესაძლოა რამდენიმე სეზონის გატარება ჩემპიონშიფში მოუწიოს, თუ კლუბი პრემიერ ლიგის მიერ ფინანსურ დარღვევებში დამნაშავედ ცნობის შემდეგ შეტანილ სააპელაციო საჩივარს ვერ მოიგებს.
ამ თვის დასაწყისში ოფიციალურად დადასტურდა, რომ დამოუკიდებელმა კომისიამ მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგის მიერ წაყენებული 115 ბრალდებიდან 114-ში დამნაშავედ ცნო.
საქმე ეხებოდა ფიქტიური სპონსორული გარიგებების მეშვეობით კლუბის ფინანსური მაჩვენებლების ხელოვნურად გაზრდასა და კომისიის გამოძიებისთვის ხელის შეშლას.
მიუხედავად ამისა, სიტი დანაშაულს არ აღიარებს და გადაწყვეტილება გაასაჩივრა. კლუბი ამტკიცებს, რომ ფლობს „უტყუარ“ მტკიცებულებებს, რომლებიც, მისი აზრით, ამ „სახიფათო“ გადაწყვეტილების მცდარობას ადასტურებს.
ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება, რა სანქციები შეიძლება დაეკისროს მანჩესტერ სიტის, თუ კლუბი სააპელაციო პროცესს წააგებს. ახლა კი ცნობილი გახდა, რა სახის სასჯელს ელიან ყველაზე მეტად.
Daily Mail-ის ინფორმაციით, პრემიერ ლიგასთან დაახლოებული პირები ვარაუდობენ, რომ სიტის ქულების მნიშვნელოვანი რაოდენობა ჩამოაკლდება, რაც საკმარისი იქნება კლუბის ჩემპიონშიფში დაქვეითებისთვის. ამასთან, მას სოლიდური ფინანსური ჯარიმაც დაეკისრება.
გარდა ამისა, შესაძლოა კლუბს დამატებითი ქულებიც ჩამოაკლონ, რათა ინგლისის მე-2 დივიზიონში სულ მცირე კიდევ ერთი სეზონით დარჩეს.
ამგვარი გადაწყვეტილების მიზანი იქნება, მანჩესტერ სიტის მიეცეს შესაძლებლობა, კლუბი და მისი შელახული რეპუტაცია ეტაპობრივად აღადგინოს.
თეორიულად არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ სიტი პრემიერ ლიგიდან საერთოდ გარიცხონ და პირდაპირ ლიგა 2-ში, ინგლისის რანგით მე-4 დივიზიონში დააქვეითონ, თუმცა ასეთი სცენარი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევა.
ამისთვის აუცილებელი იქნება ლიგის აქციონერების თანხმობა. Daily Mail-ის ცნობით, ისინი მსგავსი გადაწყვეტილების შესაძლო შედეგებს სიფრთხილით ეკიდებიან, რადგან შიშობენ, რომ კლუბის გარიცხვა თავად პრემიერ ლიგის რეპუტაციაზეც უარყოფითად აისახება.
გამოცემის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილებას იანვრის ბოლომდე არ ელიან, რაც ნიშნავს, რომ ეს ისედაც ხანგრძლივი სამართლებრივი დავა კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდება.
მიუხედავად მოედნის მიღმა არსებული პრობლემებისა, მანჩესტერ სიტის ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი კარგ სპორტულ ფორმას ინარჩუნებენ.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გუნდმა პრემიერ ლიგაში ორივე მატჩი მოიგო, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ პარი სენ-ჟერმენთან მძიმე მარცხი განიცადა.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები