-
Aa
+
ფონტის ზომა
ფრანგმა თავდამსხმელმა ეს ჯილდო კარიერაში პირველად მოიპოვა. ინტერნეტმომხმარებელთა გამოკითხვის შედეგად, მან დიდი უპირატესობით აჯობა პსჟ-ის ფეხბურთელებს, ჟოაუ ნევეშსა და ხვიჩა კვარაცხელიას, რომლებმაც მე-2 და მე-3 ადგილები დაიკავეს.
Onze Mondial-ის ვებგვერდზე ორ მილიონზე მეტი ხმა დაფიქსირდა, რის შედეგადაც კილიან მბაპემ თავის კოლექციას კიდევ ერთი პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო შემატა - 2025/26 წლების სეზონის Onze d'Or.
აღნიშნული ჯილდო წელს დაარსებიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. სხვადასხვა დროს მისი მფლობელები ფეხბურთის ისეთი ლეგენდები გამხდარან, როგორებიც დიეგო მარადონა, ზინედინ ზიდანი, კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი არიან.
მბაპემ ხმების 48.2% მიიღო და კონკურენტებს პრაქტიკულად შანსი არ დაუტოვა. მე-2 ადგილზე პარი სენ-ჟერმენის ნახევარმცველი ჟოაუ ნევეში გავიდა, რომელმაც ხმების 11.9% დააგროვა, ხოლო მე-3 პოზიცია მისმა თანაგუნდელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ 10.8%-ით დაიკავა.
დანარჩენი ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ლამინ იამალი - 9.7%
უსმან დემბელე - 7.5%
ჰარი კეინი - 4.4%
მაიკლ ოლისე - 2.9%
ვიტინია - 2.8%
დეკლან რაისი - 1.1%
ბრუნო ფერნანდეში - 0.7%
აღსანიშნავია, რომ დემბელე ჯილდოს მოქმედი მფლობელი იყო, ხოლო სალიბამ Onze d'Or 2023 წელს მოიგო.
რეალის თავდამსხმელი 2025/26 წლების სეზონში კვლავ ნამდვილ გოლების მანქანად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდური ტიტულის მოპოვება ვერ მოახერხა.
მბაპემ ლა ლიგაში 25 გოლი გაიტანა და ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი შედეგიანობა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მადრიდის რეალის მაისურით 15 გოლი მიითვალა.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი კილიან მბაპეს გამოსვლა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იყო. ფრანგმა ვარსკვლავმა ტურნირზე 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ამ შედეგით მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი მოიპოვა. მის ანგარიშზე მუნდიალებზე ჯამში 22 გოლი დაგროვდა, რითაც ყოფილ თანაგუნდელ ლიონელ მესის (21 გოლი) და გერმანელ მიროსლავ კლოზეს (16 გოლი) გადაასწრო.
ამრიგად, მადრიდის რეალისა და საფრანგეთის ნაკრების ათიანი Onze d'Or-ის მფლობელ ფრანგ ფეხბურთელთა პრესტიჟულ სიას შეუერთდა.
ამ სიაში უკვე იყვნენ მიშელ პლატინი, ჟან-პიერ პაპენი, ერიკ კანტონა, ზინედინ ზიდანი, ტიერი ანრი, ანტუან გრიზმანი, კარიმ ბენზემა და უსმან დემბელე.
ოქროს ბურთის გამარჯვებული 26 ოქტომბერს ლონდონში გამოვლინდება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები