-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალი
როდესაც საქმე ჩემპიონთა ლიგას ეხება, მადრიდის რეალი ყოველთვის ფავორიტთა სიაშია - მათ ხომ ეს ტურნირი 15-ჯერ აქვთ მოგებული და ეს ყველაფერი ათასნაირი გზით გაუკეთებიათ, ყველას სტილსა და ყველა ჟანრში. ორი უტიტულო სეზონის შემდეგ მადრიდში დიდი ცვლილებებია, საჭეს ჟოზე მოურინიო დაუბრუნდა, ხოლო შემადგენლობა საკმაოდ გაძლიერდა - რეკორდულ თანხად ნაყიდი დიომანდე, დუმფრისი, კუკურეია, ბერნარდუ სილვა, კონატე თუ კარლოს ესპი. პერესმა ვინისიუს ჟუნიორის კონტრაქტის საკითხიც გადაჭრა - მადრიდში თითქოს ყველაფერია ორწლიანი “გვალვის” დასამთავრებლად და ჩემპიონთა ლიგის თასის სიბელესზე დასაბრუნებლად.
არსენალი
შარშანდელი ფინალისტები და ინგლისის ჩემპიონები გულშემატკივრებს კიდევ უფრო კარგ სეზონს ჰპირდებიან - არტეტას გუნდმა როგორც იქნა წაგებულის მენტალიტეტი წარსულს ჩააბარა და მომდევნო სეზონებში ინგლისში დომინაციას აპირებს. რა თქმა უნდა, მეთოფეთა მიზანი ნანატრი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება და კიდევ უფრო გაძლიერებული არსენალი ფავორიტთა სიაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა - ბრუნო გიმარაეშის, ეზრი კონსას, იან მელიესა და ქრისტოს ცოლისის დამატების შემდეგ, არტეტას გუნდი ჩემპიონთა ლიგას უფრო დიდი გამოცდილებითა და ახალი ენერგიით შეუტევს.
ბარსელონა
ბარსელონა ახალ სეზონში 12-წლიანი უიღბლობის დასრულებას და ჩემპიონთა ლიგის კამპ ნოუზე დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდება - წინა წლების გამოცდილებას ახალი ტრანსფერების ერთობლიობამ შესაძლოა ფლიკის გუნდი ნანატრ ტიტულამდე მიიყვანოს. კარიმ ადეიემი, ენტონი გორდონი და რა თქმა უნდა როდრი - ფეხბურთელი, რომელსაც კატალონიურ გრანდში სულ სხვა მენტალიტეტისა და ხარისხის მოტანა შეუძლია. თუმცა ბარსელონას შემადგენლობაში ჯერ კიდევ არის პრობლემატური პოზიციები, მაგალითად ცენტრალური მცველი და ცენტრ ფორვარდი - შეძლებს თუ არა ამ პრობლემების მოგვარებას ფლიკის გუნდი, მალე გავიგებთ, თუმცა ბარსა რომ ფავორიტთა სიაში უნდა მოვიაზროთ, ამას წყალი არ გაუვა.
პარი სენ-ჟერმენი
რა თქმა უნდა ფავორიტთა სია მოქმედი, თან ზედიზედ ორგზის ჩემპიონების გარეშე წარმოუდგენელია - ლუის ენრიკეს გუნდი გასული სეზონის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა და რეალის რეკორდის გამეორებას უმიზნებს ( ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მოგება). ერედივიზეის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის მიკა გოდსტის, მუნდიალის მომგები გოლის ავტორის, ფერან ტორესის, ლიგა 1-ის ტალანტის მანეს აკლაუჩისა და საფრანგეთის ნაკრების წევრის ლუკას დინის დამატების შემდეგ ლუის ენრიკეს შეგირდები კიდევ უფრო სახიფათონი ჩანან. კვარაცხელიას გუნდის ფავორიტობას კიდევ ის აძლიერებს, რომ ყველა სხვა გუნდისგან განსხვავებით პარიზულ კლუბს შიდა ასპარეზზე “დასვენების” საშუალებაც აქვს.
მიუნხენის ბაიერნი
ვინსენტ კომპანის გუნდმა გასულ სეზონში მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა - შიდა ასპარეზზე ყველაფერი მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში მოქმედ და მომავალ ჩემპიონთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა. რეკორდმაისტერი ზაფხულში მუნდიალის ერთ-ერთი აღმოჩენით, ისმაელ საიბარითა და გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტალანტით, ნათანიელ ბრაუნით გაძლიერდა - შეუჩერებელი ტრიოსა და ახალი თუ ძველი ფეხბურთელების ისეთი თამაშის ხარჯზე, როგორსაც მათგან გულშემატკივარი ელის, ბაიერნი ნამდვილად იქნება ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები