ესპანეთის ლა ლიგის მეათე ტურში საფეხბურთო სამყაროს უმთავრესი დაპირისპირება გველის - კვირას კამპ ნოუზე ბარსელონა მადრიდის რეალს უმასპინძლებს.
ამ სუპერმატჩისთვის განსაკუთრებით ემზადება კატალონიელთა 19 წლის ტალანტი, ჩავი ესპარტი, რომლისთვისაც ეს ძირითად შემადგენლობაში დაწყებული პირველი კლასიკო იქნება.
ლა მასიას აკადემიის აღზრდილმა მცველმა გამოცემა Mundo Deportivo-სთან საუბრისას მომავალ ჯახს პირდაპირ ომი უწოდა. მისი თქმით, გუნდი მოედანზე 100 პროცენტით დაიხარჯება, რადგან ახლა იდეალური შანსი აქვთ, მადრიდელებს უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინონ და საჩემპიონო რბოლაში კიდევ უფრო უკან მოიტოვონ.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავი ცოტა ხნის წინ, ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ესპარტი ნომინალურად მარცხენა მცველია, ჰანსი ფლიკმა ის პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ მარჯვენა ფლანგზე გაამწესა. მართალია, ბარსელონა იმ მატჩში 2:4 დამარცხდა, თუმცა ჩავიმ ფრანგების კარში გოლის გატანა მაინც მოახერხა.
ამჟამად ესპანეთის ჩემპიონატს კატალონიური კლუბი უდანაკარგოდ, 27 ქულით ლიდერობს და მესამე ადგილზე მყოფ რეალს უკვე 6 ქულით უსწრებს. კვირას გასამართი დაპირისპირება კი ლა ლიგის სატურნირო ინტრიგაზე უდიდეს გავლენას მოახდენს.