ლუიშ ფიგუმ ბაიერნთან საპასუხო მატჩის წინ რეალის შანსები შეაფასა და აღნიშნა, რომ მიუხედავად საკუთარ მოედანზე წაგებისა (1:2), მადრიდელებს ქამბექის ძალა შესწევთ.
პორტუგალიელი ლეგენდის თქმით, ეს ნებისმიერი სხვა გუნდისთვის შეუძლებელი მისია იქნებოდა, მაგრამ არა რეალისთვის, რომელსაც განსაკუთრებული ნიჭი და გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს.
ფიგუმ, რომელსაც კარიერის განმავლობაში გერმანელების წინააღმდეგ 11-ჯერ უთამაშია, იცის, რამდენად რთული მეტოქეა ბაიერნი. მისი თქმით, მიუნხენში გადამწყვეტი იქნება შეტევის ეფექტურობა. ვინისიუსმა და მბაპემ ის შანსები უნდა გამოიყენონ, რომელიც პირველ შეხვედრაში გაანიავეს. ფიგუს აზრით, მთავარი მაინც ბაიერნის შეტევის შეჩერება და თამაშზე კონტროლის მალევე დამყარება იქნება.
მადრიდელებს ამ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ჩუამენი დააკლდებათ. ფიგუ აღიარებს, რომ ეს მნიშვნელოვანი დანაკლისია გუნდისთვის, თუმცა გამოსავალს ჯუდ ბელინგემში ხედავს:
ჩემი აზრით, ჩუამენის შეცვლა ბელინგემს შეუძლია. ის პირველ მატჩში სათადარიგო სკამიდან თამაშში კარგად ჩაერთო. ჯუდი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია მატჩის ბედის შეცვლა, ის ყოველთვის მოედანზე უნდა იყოს.