ლუის ენრიკემ ლივერპულთან მატჩის წინ ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-მ პირველი შეხვედრა 2:0 მოიგო, მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი ანგარიშის შენარჩუნებაზე არ იფიქრებს.
ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, რომ ენფილდზე თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. გუნდმა მოსამზადებლად საკმარისი დრო მიიღო, ფეხბურთელებმა ძალები აღიდგინეს და რაც ყველაზე მთავარია, ბარკოლა მწყობრშია და გუნდს დაუბრუნდა.
ენრიკემ განაცხადა:
შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ მეორე მატჩი პირველისგან ძალიან განსხვავებული იქნება. ლივერპული ძალიან მოტივირებული იქნება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ გავუმკლავდეთ რთულ მომენტებს. ჩვეულებრივად ვემზადებით და არ ვაპირებთ მხოლოდ დაცვაში დგომას. ჩვენი მენტალიტეტი გამარჯვებაა და სწორედ ეს იქნება მთავარი გასაღები.
მწვრთნელმა ასევე ისაუბრა გულშემატკივრების მხარდაჭერაზე. ლივერპულში 3,000-მდე პარიზელი ფანი ჩავა, რაც ენრიკეს თქმით, გუნდს დამატებით ძალას მისცემს.