-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ეროვნულმა კომისიამ (CNMV) ბარსელონას ყოფილ ფეხბურთელ ჟერარ პიკესა და Audax-ის დამფუძნებელ ხოსე ელიასს 300 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა Aspy Global-ის Atrys Health-ის მიერ შეძენის ოპერაციასთან დაკავშირებით ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობის გამო.
ოფიციალურ სახელმწიფო ბიულეტენში (BOE) გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, პიკემ 2021 წლის 20 იანვარს Aspy Global Services-ის საერთო ჯამში 104 166 აქცია შეიძინა - 2 დღით ადრე, ვიდრე კომპანია Atrys Health-მა შთანთქა.
სავარაუდოდ, ამ ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მას ელიასმა მიაწოდა. შემდეგ ყოფილმა ფეხბურთელმა აქციები გარიგების დასრულებიდან 5 დღეში, 27 იანვარს გაყიდა და ამ გზით ეკონომიკური სარგებელი მიიღო.
Aspy Global Services-ის აქციები 2021 წლის 19 იანვარს 2.29 ევროდ ივაჭრებოდა, ხოლო 27 იანვარს, როდესაც პიკემ თავისი აქციები გაყიდა, მათი ფასი 2.8 ევრო იყო. შესაბამისად, ბარსელონას ყოფილ ცენტრალურ მცველს, სავარაუდოდ, დაახლოებით 50 000 ევრო აქვს მიღებული ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებით.
CNMV-ის მიერ დაკისრებული ჯარიმებიდან 200 000 ევრო პიკეს ეკუთვნის, ხოლო 100 000 ევრო - ელიასს. ორივე შემთხვევაში, მარეგულირებელი ორგანო ამას ფასიანი ქაღალდების ბაზრის კანონის მიხედვით „ძალიან სერიოზულ“ დარღვევად მიიჩნევს.
La Sirena-ს მფლობელ ელიასს ეროვნული კომისია „უკანონო კომუნიკაციაში“ და მიმდინარე შეთავაზებასთან დაკავშირებული „ინსაიდერული“ ინფორმაციის გაზიარებაში ადანაშაულებს.
რაც შეეხება პიკეს, კომისია აკრიტიკებს მის ქმედებებს იმის გამო, რომ მან „ბაზრით ბოროტად ისარგებლა [...] ელიასისგან მიღებული ინსაიდერული ინფორმაციის ფლობისას“.
სანქციების შესახებ გადაწყვეტილება საბოლოო არ არის, რადგან როგორც ბიზნესმენს, ისე ფეხბურთელს შეუძლიათ გადაწყვეტილება ეროვნულ სასამართლოში, ადმინისტრაციული დავების პალატაში გაასაჩივრონ.
აქციების ყიდვა-გაყიდვა იმ პერიოდში მოხდა, როდესაც პიკემ საბოლოოდ დახურა Kerad Games - კომპანია, რომლის მეშვეობითაც ვიდეოთამაშების სექტორში შევიდა და რომელიც მისი პირველი ბიზნესპროექტი იყო.
2021 წლის იანვარში სავაჭრო რეესტრმა გამოაქვეყნა იმ დროისთვის ბარსელონას მე-3 კაპიტნის კომპანიის ლიკვიდაცია - პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო.
ჯგუფის საქმიანობის შეწყვეტა ასევე დაემთხვა მისი ჰოლდინგური კომპანიის, Kosmos-ის, აღმავლობას - პროექტს, რომელიც მას შემდეგ მართავს Davis Cup-ის ფინალებს, Kings League-სა და ესპანეთის სუპერთასის საუდის არაბეთში ჩატარების ორგანიზებას.
სწორედ ამ უკანასკნელმა ნაბიჯმა ყოფილი ფეხბურთელის წინააღმდეგ სასამართლო გამოძიება გამოიწვია, რადგან მას 24 მილიონი ევროს ოდენობის უკანონო საკომისიოს მიღებაში ედება ბრალი.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები