-
Aa
+
ფონტის ზომა
კვირას, ნიუ-ჯერსიში, პლანეტის უმთავრესი ტიტულისთვის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი იბრძოლებენ.
ორივე ნაკრებმა ფინალამდე რთული გზა გაიარა, თუმცა მათი სათამაშო სტილი რადიკალურად განსხვავდება. ეს იქნება ბრძოლა ესპანურ სრულ კონტროლსა და არგენტინულ დაუოკებელ ჟინს შორის.
ესპანეთის ნაკრებმა ტურნირი კაბო ვერდესთან მოულოდნელი ფრით (0-0) დაიწყო, თუმცა მას შემდეგ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა იდეალურად ითამაშა. მათ მთელ ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს - ბელგიასთან მეოთხედფინალში (2-1). ნახევარფინალში კი ესპანელებმა საფრანგეთი შანსის გარეშე, 2-0 დაამარცხეს და დაამტკიცეს, რომ ევრო 2024-ის მოგება შემთხვევითობა არ ყოფილა.
მთავარი ვარსკვლავი: მიკელ ოიარსაბალი. რეალ სოსიედადის 29 წლის ფორვარდს ვარსკვლავური იმიჯი არ აქვს, თუმცა ტურნირზე უკვე 5 გოლი გაიტანა და გუნდის ფინალში გასვლაში უდიდესი როლი ითამაშა.
საუკეთესო მომენტი: პედრო პოროს გოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა და აჩვენა, რომ ესპანეთს საფრთხის შექმნა ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია.
არგენტინას ფინალამდე შედარებით მარტივი კალენდარი ჰქონდა, თუმცა ლონელ სკალონის გუნდს თითქმის ყველა მატჩში უდიდესი ბრძოლის გადატანა მოუხდა. კაბო ვერდემ მათ დამატებითი დრო აიძულა, ეგვიპტესთან და შვეიცარიასთან მატჩები ძალიან მძიმე გამოდგა, ხოლო ნახევარფინალში ინგლისთან გამარჯვება მხოლოდ ბოლო წუთებზე მოპოვებული ქამბექით (2-1) შეძლეს.
მთავარი ვარსკვლავი: ლეო მესი. 39 წლის კაპიტანი 8 გოლით კილიან მბაპესთან ერთად ბომბარდირთა სიას ლიდერობს. თუმცა, აღსანიშნავია ლაუტარო მარტინესისა (3 გოლი) და ენცო ფერნანდესის (2 გოლი) დახმარებაც, რომლებმაც ინგლისთან მატჩი შემოატრიალეს.
საუკეთესო მომენტი: ლაუტარო მარტინესის გამარჯვების გოლი ინგლისის კარში, რომელიც მესის გენიალურ ჩაწოდებას მოჰყვა.
ესპანეთმა ნახევარფინალში როდრისა და ფაბიან რუისის დახმარებით ფრანგების ვარსკვლავური თავდასხმა (მბაპე, დემბელე, ოლიზე) სრულად გააუვნებელყო. არგენტინა კი მოედნის ცენტრში დიდ ძალებს იყენებს, რათა მესის სივრცეები შეექმნას, და არ ერიდება ტაქტიკურ ჯარიმებს მეტოქის რიტმის დასარღვევად. თუ ესპანეთი ბურთს ისევე გააკონტროლებს, როგორც წინა მატჩებში, სამხრეთამერიკელებს გაუჭირდებათ, თუმცა არგენტინამ უკვე ბევრჯერ დაამტკიცა, რომ მატჩის მიწურულს მათი გატეხვა შეუძლებელია.
ანალიტიკოსების უმრავლესობა უპირატესობას ევროპის ჩემპიონებს ანიჭებს, თუმცა მესის ფაქტორს არავინ გამორიცხავს.
სემ კარლაილი: ესპანეთი 2-1 არგენტინა. არგენტინას გადარჩენის საოცარი ინსტინქტი აქვს, მაგრამ მათ ჯერ არ შეხვედრიათ გუნდი, რომელიც ბურთს ასე აკონტროლებს.
მარკ ოგდენი: ესპანეთი 3-1 არგენტინა. არგენტინას ჰყავს მესი და სტადიონზე ფანების 90% მათ მხარს დაუჭერს, თუმცა ესპანეთის ნაკრების კლასი თავისას იტყვის.
გაბრიელ ბეჩერანო: არგენტინა 2-1 ესპანეთი. რთული წარმოსადგენია, ამდენი ბრძოლის შემდეგ არგენტინამ თასი დათმოს. ეს არ იქნება ლამაზი ფეხბურთი, მაგრამ ჩემპიონები ტიტულს შეინარჩუნებენ.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები

