მონტენეგროში მიმდინარე კრივის 15-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, დავით ალიხანაშვილმა ოქროს მედალი მოიგო და კონტინენტის ჩემპიონი გახდა.
54 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში, ქართველმა მოკრივემ უკრაინელ კოსტიანტინ სლიპჩუკს მოუგო და ჩვენს დელეგაციას მე-3 ოქროს მედალი მოუტანა.
ალიხანაშვილამდე, ოქროს მედლები გიორგი ახვლედიანმა (52 კგ.) და ელენე ქარჩავამ (48 კგ.) მოიპოვეს. ქარჩავამ ისტორია დაწერა და ჩვენი ქვეყნის პირველი ევროპის ჩემპიონი ქალია.
გარდა ამისა, ვერცხლის მედალი მოიგო ლიზა ლობჟანიძემ (66 კგ.), ხოლო თორნიკე სიმონიშვილი (40 კგ.), საბა კერძევაძე (44 კგ.) და ჯონი ხაბურზანია (46 კგ.) ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.
საქართველოს ნაკრებს კიდევ 2 მედალი აქვს განაღდებული, რადგან ფინალში არიან და ოქროს მოგებას შეეცდებიან: ალექსი გუნია (60 კგ.) და გიგი არჩაია (70 კგ.).
საქართველოს 15-წლამდე ნაკრები ევროპირველობაზე 14 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და ტურნირს, ყველა ვარიანტში, 9 მედლით დაასრულებს.