არგენტინელი ვარსკვლავი, ხულიან ალვარესი, ატლეტიკოს დატოვებას კვლავ გეგმავს.
მისი მთავარი მიზანი ბარსელონაში გადასვლაა, რამაც მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა განარისხა. თავად ფეხბურთელმა ტრანსფერის სურვილი საჯაროდ დაადასტურა და მედიასთან ღიად ისაუბრა:
ვცდილობ, გულწრფელი ადამიანი ვიყო. ვესაუბრე ატლეტიკოს წარმომადგენლებს, ვისთანაც ეს მჭირდებოდა. ვფიქრობ, ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი ტრანსფერია. მსურს, ჩემი ოცნება ავიხდინო
ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ მათ ოფიციალური შეთავაზება გააკეთეს და იციან მოთამაშის სურვილიც. ამან ატლეტიკოს აღმასრულებელი დირექტორი, მიგელ ანხელ ხილ მარინი წყობიდან გამოიყვანა და კატალონიელებს ფიფაში უჩივლა:
ბარსელონა უპატივცემულობას იჩენს. მათ ჰგონიათ, რომ შეუძლიათ ფეხქვეშ გაგვთელონ და რომ ჩვენ სუსტები და სულელები ვართ. ისინი ატყუებენ ყველას... ჩვენი პასუხისმგებლობა ატლეტიკოს ინტერესების დაცვაა. სწორედ ამიტომ, ფიფაში შეგვაქვს საჩივარი დაცული პერიოდის განმავლობაში კონტრაქტიან მოთამაშესთან მოლაპარაკებების გამო
მადრიდელები ტრანსფერში 150 მილიონ ევროს მოითხოვენ და თანხის ერთიანად გადახდას ითხოვენ. სიტუაციას ყურადღებით აკვირდება არსენალი, თუმცა თავად ალვარესისთვის პრემიერ ლიგაში დაბრუნება ნაკლებად პრიორიტეტულია. ბარსელონას ტალანტმა, ლამინ იამალმა კი არგენტინელს კატალონიაში გადასვლისკენ მოუწოდა:
ძალიან გამიხარდება, რადგან ის შესანიშნავი ფეხბურთელია. თუ მოვა, გაშლილი ხელებით მივიღებთ... მის ადგილას რომ ვიყო, ამას გავაკეთებდი. ჩვენ მას ველოდებით