ახალი გამოწვევა 31 წლის ინგლისელის კარიერაში.
რაჰიმ სტერლინგმა ინგლისის პრემიერ ლიგა პირველად დატოვა. ჩელსისთან კონტრაქტის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვეტის შემდეგ, ინგლისელი ფეხბურთელი ერედივიზიის კლუბ ფეიენოორდს შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, რომელსაც, სხვათაშორის, რობინ ვან პერსი წვრთნის.
„მას შემდეგ, რაც თავისუფალი აგენტი გავხდი, წლების შემდეგ პირველად მომეცა საშუალება, თავად ვაკონტროლო კარიერის მომდევნო ეტაპი. აჩქარება არ მინდოდა — მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა კლუბებთან და მათ მწვრთნელებთან, რათა უკეთ გამეგო როლი, თუ რო მელში მხედავდნენ და დარწმუნება, ნამდვილად თუ შემეძლო მათთვის სარგებლის მოტანა." — თქვა სტერლინგმა ტრანსფერის შემდეგ.
სტერლინგისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა საუბარი რობინ ვან პერსისთან, რის შემდეგაც ფეხბურთელმა იგრძნო, რომ შეძლებდა კარიერის რეანიმაციას და მოედანზე კვლავ მნიშვნელოვანი ფიგურა გახდებოდა.
რაჰიმმა ბოლო მატჩი თითქმის 9 თვის წინ ჩაატარა — მაშინ ის არსენალში იჯარით თამაშობდა (ჩელსიდან). მას შემდეგ მოედანზე საერთოდ არ გასულა და არც ძირითად გუნდთან ერთად უვარჯიშია, რადგან ჩელსიში მასზე იმედებს აღარ ამყარებდნენ.