8 აგვისტოს უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში იბერია 1999 თურქულ ბაშაქშეჰირს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
მატჩის დაწყებამდე ლაშა ბექაური გულშემატკივრებს ოლიმპიურ ოქროს მედალს წარუდგენს. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის გამოსვლის ღონისძიება 19:45 საათზე გაიმართება, მატჩი კი 20:00-ზე დაიწყება.
მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ იბერიას მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ და გუნდის კაპიტანმა გიორგი კოხრეიძემ პრესკონფერენცია გამართეს.
ლევან კორღალიძე: “ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი ხდება. თანამედროვე ფეხბურთში მინდორზე ფავორიტები არ არიან. ვინც უფრო მეტს მოინდომებს, გამარჯვებაც მას დარჩება. მათ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ დამერწმუნეთ, არც ჩვენ გვყავს ნაკლები ფეხბურთელები. შევეცდებით, რომ ინიციატივა მეტოქეს არ დავუთმოთ. ჩვენ ხვალ აუცილებლად შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ.
ჩვენთვის გულშემატკივარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მთავარი მოტივაცია მათი გახარებაა. ჩვენ რაღაც იმედი გავაჩინეთ ქართულ საკლუბო ფეხბურთში და მჯერა, რომ საქართველოში ევროთასების სეზონი კიდევ გაგრძელდება.”
გიორგი კოხრეიძე: “მოგების ემოციებმა დაღლილობა სრულად გაანეიტრალა. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და ვეცდებით, რომ იბერიას ძლიერი მხარეები ვაჩვენოთ ქართველ გულშემატკივარს. იბერია ერთადერთი კლუბია ევროთასებზე და გულშემატკივარს ვთხოვ, რომ ხვალ ტრიბუნებზე მოვიდნენ.
საქართველოს ნაკრების შედეგმა ევროპის ჩემპიონატზე დიდი მოტივაცია და მაგალითი მოგვცა. დავიჯერეთ, რომ ჩვენც შეგვიძლია კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა.”
იბერიამ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანური პარტიზანი ორი მატჩის ჯამში 2-0 დაამარცხა, ბაშაქშეჰირმა კი სან მარინოს ლა ფიორიტა ჯამში 10-1 გაანადგურა.
თურქული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ქართული გუნდი ირლანდიურ სენტ პატრიკსსა და აზერბაიჯანულ საბაჰს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
განმეორებითი მატჩი 15 აგვისტოს სტამბოლში, ფათიჰ თერიმის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.