-
Aa
+
ფონტის ზომა
ნახევარმცველი მონაკოს მთავარმა მწვრთნელმა, სებასტიან პოკონიოლიმ, მარსელის წინააღმდეგ დღევანდელი მატჩის განაცხადში შეიყვანა, რაც ოთხთვიან ტანჯვას უსვამს წერტილს, რომელიც კუნთის ტრავმებით იყო გამოწვეული.
მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყოს, „ლა პიოშეს“ შეუძლია რამდენიმე წუთი ითამაშოს მნიშვნელოვან მატჩში, რომელიც მონაკოსთვის ევროპული მიზნების კუთხით გადამწყვეტია.
ბოლოს, როდესაც პოგბამ ფორმა მოირგო, 5 დეკემბერი იყო. მონაკო ბრესტთან 1-0 დამარცხდა და მსოფლიოს ჩემპიონმა 21 წუთი ითამაშა. სწორედ ეს მატჩი იყო ის, რომელშიც მან ყველაზე მეტი დრო გაატარა მოედანზე, რადგან წინა ორ შეხვედრაში, პსჟ-სა და რენთან (მისი დებიუტი მონაკოს შემადგენლობაში), მან სულ 9 წუთი ითამაშა და მისი მონაწილეობა სიმბოლურიც კი იყო.
პოგბასთვის ეს ოთხი თვე იმედგაცრუებისა და ტანჯვის პერიოდი იყო - ნამდვილი ჯოჯოხეთი, რომელიც ამ კვირას დასრულდა. ნახევარმცველმა მონაკოსთან კონტრაქტი გასული წლის ივლისში გააფორმა იმ მიზნით, რომ ფეხბურთის სიხარული კვლავ ეპოვა, მას შემდეგ რაც წელიწადნახევარი მოედნის მიღმა გაატარა დოპინგის დისკვალიფიკაციის გამო, რომელიც მოგვიანებით შეამცირეს, რადგან დადასტურდა, რომ მას არ ჰქონდა განზრახვა უკანონოდ ემოქმედა.
სათამაშო ფორმის ნაკლებობამ და კუნთის ტრავმებმა მას ხელი შეუშალა სასურველ დონეზე თამაშში. პოგბა საფრანგეთში დაბრუნდა ფორმის აღსადგენად და, უპირველეს ყოვლისა, იმისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის მცირე შანსი გამოეყენებინა.
ეს ოცნება ჯერ კიდევ ცოცხალია, თუმცა მისი შესრულება სასწაულზეა დამოკიდებული. 2025 წლის 22 ნოემბერს მისი დებიუტი შედგა ახალ გუნდში. მან 4 წუთი ითამაშა უკვე გადაწყვეტილ მატჩში რენის წინააღმდეგ, სადაც მონაკო 4-0 აგებდა. ეს ემოციური მომენტი მას მოტივაციას აძლევდა, რომ კარიერა გაეგრძელებინა.
შემდეგ მოვიდა მატჩები პსჟ-სა და რენის წინააღმდეგ და პოგბა გაქრა. მისი ტრავმა საიდუმლოებით იყო მოცული. ფიზიკური პრობლემების გამო, მონაკომ იგი ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც არ შეიყვანა.
იმედგაცრუებები გაგრძელდა. თუმცა ფეხბურთელმა არ დანებდა და მარტის განმავლობაში დაუღალავად იმუშავა, რათა ფორმაში დაბრუნებულიყო. ბოლო სანაკრებო პაუზის დროს, როდესაც დეშამმა, რა თქმა უნდა, არ გამოიძახა, მან ამხანაგურ მატჩში ბრენტფორდის წინააღმდეგ შესანიშნავი გოლი გაიტანა.
„ის მზად არის. კიდევ გვჭირდება რამდენიმე ვარჯიში. ის უკვე საერთაშორისო პაუზის შემდეგ უწყვეტად ვარჯიშობს გუნდთან ერთად. პროგრესს აჩვენებს,“ - განაცხადა ამ კვირაში სებასტიან პოკონიოლიმ.
პოგბა დაბრუნდა. სანამ შანსი არსებობს, ფრანგი ვარსკვლავი არ დანებდება და ეცდება, თავისი ოცნება - მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა - აისრულოს. ეს შეიძლება გახდეს მისი კარიერის ბოლო ცეკვა, კარიერისა, რომელიც სავსეა წარმატებებით, მაგრამ ასევე სირთულეებით. ოთხთვიანი ტანჯვის შემდეგ, მან საბოლოოდ დაინახა გვირაბის ბოლოს სინათლე.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები