ჩელსის შემტევმა ალეხანდრო გარნაჩომ თავისი ტატუების მუდმივად მზარდ კოლექციას კიდევ ერთი ნამუშევარი შემატა.
მისი უახლესი ტატუ „ბნელი რაინდის“ (The Dark Knight) ფილმში ჰიტ ლეჯერის მიერ განსახიერებულ ჯოკერს ასახავს.
21 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც უკვე უამრავი ტატუ აქვს, ცნობილ ტატუ-არტისტ ხოაკინ განგასთან ერთად სრული ზურგის დაფარვა გადაწყვიტა.
განგა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ტატუ-არტისტად მიიჩნევა. მისი კლიენტები იყვნენ ლებრონ ჯეიმსი, დრეიკი, პოსტ მელოუნი და ლილ უზი ვერტი, რომელმაც, Complex-ის ცნობით, მის დიზაინში ექვსნიშნა თანხა გადაიხადა.
ლოს-ანჯელესში მცხოვრებმა ტატუ-არტისტმა ინსტაგრამზე გარნაჩოს ახალი ტატუს ვიდეო გამოაქვეყნა.
ვიდეოში ჩანს ჰიტ ლეჯერის ჯოკერის გამოსახულება, რომელსაც ხელში სათამაშო კარტი უჭირავს, გვერდით კი მისი ცნობილი ფრაზაა დატანილი: „Why so serious?“ („რატომ ასე სერიოზულად?“).

გარნაჩოს სხეულზე არაერთი ტატუ აქვს. ბავშვობის საყვარელი ანიმეს შთაგონებით, მან ფეხის ქვედა ნაწილი Captain Tsubasa-ს სცენით მოიხატა - ეს არის იაპონური მანგა, რომლის მთავარი თემა ფეხბურთია.
არგენტინელ ფეხბურთელს მარცხენა ხელზე ასევე აქვს მსახიობ მილი ბობი ბრაუნის დიდი ტატუ, რომელიც მისი Stranger Things-ში შესრულებული როლის მიხედვითაა შექმნილი.
გარდა ამისა, მის მარჯვენა ხელზე ამოტვიფრულია პოპულარული ამერიკული სერიალის Prison Break-ის პერსონაჟები - მაიკლ სკოფილდი, ლინკოლნ ბეროუზი და თეოდორ „T-Bag“ ბეგველი.

გარნაჩოს აქტიურად უკავშირებენ ჩელსიდან შესაძლო წასვლას, მიუხედავად იმისა, რომ ის კლუბს მხოლოდ ერთ წელზე ნაკლები ხნის წინ შეუერთდა მანჩესტერ იუნაიტედიდან დაახლოებით 40 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ.
ASRomaLive-ის ინფორმაციით, ნაპოლი დიდი ხანია ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენს. ამავე წყაროს ცნობით, ტურინის იუვენტუსი, მილანი და რომაც დაინტერესებულნი არიან თავდამსხმელის შეძენით.