მანჩესტერ იუნაიტედმა მიუნხენის ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო.
1958 წლის 6 თებერვალს, ბრიტანული ავიაკომპანია British European Airways-ის თვითმფრინავმა, რომელიც რეისს ბელგრადი – მიუნხენი – მანჩესტერის მიმართულებით ასრულებდა, მიუნხენის აეროპორტში აფრენის მესამე მცდელობისას კატასტროფა განიცადა. ბორტზე მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები, მწვრთნელები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. 44 მგზავრიდან 23 დაიღუპა, ხოლო 19 დაშავდა.
ტრაგედიის 68-ე წლისთავთან დაკავშირებით, კლუბის საშინაო სტადიონზე, ოლდ ტრაფორდზე, სპეციალური ცერემონია გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ კერიკმა, მისი შტაბის წევრებმა — სტივ ჰოლანდმა და ჯონი ევანსმა, გუნდის კაპიტანმა ბრუნო ფერნანდეშმა, ასევე ქალთა გუნდის მწვრთნელმა მარკ სკინერმა და კაპიტანმა მაია ლე ტისიემ, რომელზეც მემორიალი მოინახულეს და ყვავილები მიიტანეს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ კლუბის გენერალური დირექტორი ომარ ბერადა, სპორტული დირექტორი ჯეისონ უილკოქსი და ყოფილი მეკარე ედვინ ვან დერ სარი. ცერემონია მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა კაპელანმა, ჯონ ბოიერსმა ჩაატარა. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, სტადიონთან ასეულობით გულშემატკივარი შეიკრიბა.
მანჩესტერ იუნაიტედის ხსოვნას პატივი მიაგეს მისმა პრინციპულმა მეტოქემ, ლივერპულმა და მიუნხენის ბაიერნმაც. სოციალურ ქსელებში კლუბებმა გამოაქვეყნეს საათის ციფერბლატი, რომელიც 15:04-ზე — თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროზეა გაჩერებული.
ავიაკატასტროფის წლისთავთან დაკავშირებით პოსტები ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ, სევილიამ, ბეტისმა და სხვა კლუბებმაც გამოაქვეყნეს.

