ქალაქ ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე, ოქროს ტბის წყალსათხილამურო ბაზაზე, IWWF Europe & Africa Open Waterski Championships 2026 დაიწყო.
ტურნირში 21 ქვეყნის 80-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, შეჯიბრებები სლალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომაში იმართება.
"რატომ ავირჩიეთ ფოთი? ჩვენ ვცდილობთ, ყოველწლიურად ახალი ღირსშესანიშნავი ადგილები შევარჩიოთ. მსოფლიო ყოველდღიურად იცვლება და გვსურს, ვიპოვოთ ახალი ქვეყნები და ტურნირების ორგანიზებისათვის საუკეთესო შესაძლებლობები.
ადგილზე შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და პირობები დაგვხვდა. კმაყოფილები და ბედნიერები ვართ, რომ საქართველომ ტურნირის მასპინძლობის ორგანიზებას თავი არაჩვეულებრივად გაართვა. იმედი გვაქვს, შეჯიბრება უმაღლეს დონეზე ჩაივლის და საინტერესო სანახაობას ვიხილავთ", - განაცხადა საერთაშორისო წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციის ევროპის პრეზიდენტმა, პატრის მარტინმა.
ფოთში მიმდინარე IWWF Europe & Africa Open Waterski Championships 2026 ხვალ, 26 ივლისს დასრულდება.
ფოტო: საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია