ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრებთან მინიმალური ანგარიშით (1:0) გამარჯვების შემდეგ, უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა მალდერამ მატჩი შეაფასა.
უკრაინელთა თავკაცმა აღნიშნა, რომ ადრეული გოლი გუნდს დიდწილად დაეხმარა, თუმცა შეხვედრა ფსიქოლოგიურად და ტაქტიკურად ძალიან რთული გამოდგა:
რა თქმა უნდა, მოთამაშეების მხრიდან საბრძოლო სულისკვეთება ძალიან კარგი სანახავი იყო. ადრეული გოლი ძალიან დაგვეხმარა, მაგრამ ტაქტიკური თვალსაზრისით ცოტა უყურადღებოები ვიყავით. საქართველოსთან მატჩში შედეგის მიღწევა უმნიშვნელოვანესი იყო და ზოგჯერ თამაში და ასეთი „ბინძური“ მატჩების მოგებაც უნდა შეგეძლოს.
მალდერამ აღნიშნა:
გოლის შემდეგ ბურთი მეტოქეს დავუთმეთ. ზოგიერთ მომენტში ძალიან უკან ვიხევდით და ფსიქოლოგიურად ძალიან გაგვიჭირდა. თუ ასეთი მატჩების თამაში გიწევს, უნდა შეეგუო და ისწავლო ამ ტიპის ფეხბურთის ჩვენება.
უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მიუხედავად ბურთის ფლობის ნაკლები მაჩვენებლისა, გუნდმა ხასიათი გამოავლინა და მთავარი მიზანი, გულშემატკივრების გახარება შეასრულა.