-
Aa
+
ფონტის ზომა
მატჩის შემდეგ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, მედიასთან ისაუბრა.
,,ვფიქრობ, მატჩზე საუბარს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუ თქვენგან იქნება კითხვები, რა თქმა უნდა, ყველაფერზე გიპასუხებთ.
მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკა იყო და ახლა უფრო მეტი იქნება, ეს კრიტიკა უნდა მივიღოთ, რადგან როდესაც საქართველოს ნაკრებს ასეთი სერია აქვს, მიმაჩნია, რომ კონკრეტულად ერთ მატჩზე საუბარი ნაკლებად მიზანშეწონილია.
ერთი დიდი ციკლი დასრულდა, ამიტომ, უკვე საჭიროა ქირურგიული ჩარევა, რომ მარტიდან სულ სხვა გუნდი ვიყოთ, სხვა შემართებით და მენტალობით, პირველ რიგში, იმის განცდით, რომ წარსულის მიღწევები ძალიან კარგია და მადლობა, მაგრამ ფეხბურთი არის დღეს და ხვალ, ეს არის ყველაზე მთავარი.
კრიტიკა, რომელიც იქნება, გასაგებია, გულშემატკივარს შედეგი აინტერესებს. ისეთი ფაქტის წინაშე ვართ, რომელიც არავის გვინდოდა. იმ რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ ყველაფერი თავიდან არის დასაწყები.
ერთი შემიძლია გითხრათ, რომ დაწყებულია მუშაობა და გაგრძელდება ისე, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ყველა ნახავთ ისეთს, როგორიც იყო ევროპის ჩემპიონატზე, როცა მთელი ქვეყანა ერთიანი იყო.
ყველას ძალიან გვჭირდება ერთიანობა. შეცდომები ჩვეულებრივი მომენტია, ეს ეხება ყველას. არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს. თუმცა, მიმაჩნია, რომ ახლა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მთავარია, თავიდან დავიწყოთ იმ გუნდის შენება, რომლის კონტურები უკვე არსებობს და რომლითაც ყველა იამაყებს.
გასახდელში ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. აქ დეტალებს არ გამოვიტან, მაგრამ შინაარსი და პათოსი თითქმის იგივე იყო. ყველანი ვთანხმდებით, რომ ყველაფერი უნდა დავიწყოთ ნულიდან, ისეთი შემართებით და ანთებული თვალებით, რაც ევროპის ჩემპიონატზე გვქონდა.
გვჭირდება ისევ ის განწყობა. მე ვისაუბრე პირველ რიგში მენტალურ მხარეზე და ფეხბურთელები, რომლებიც ამ მენტალურ მხარეს ვერ დააკმაყოფილებენ, შემდგომში ნაკრებში არ იქნებიან. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ ფეხბურთელზე, არამედ, ზოგად მიდგომებზე, რომელიც აუცილებლად ყველას გვჭირდება.
ვცდილობდით, რომ პირველ ნომრად გვეთამაშა. ბოლო ფაზაში პრობლემები გვქონდა. უბრალოდ, სხვა ახსნას ვერ მოუვუძებნით, რომ 6 თამაშში გოლი არ გაგვიტანია. ეს ნორმალური არ არის, მაგალითად, ამის ახსნა არ მაქვს.
გუნდის შენებისას ყველაფერი ბურთის ფლობიდან იწყება და ნელ-ნელა დაგვიბრუნდებიან ფეხბურთელები, რითაც ხარისხი მოგვემატება, რაც ძალიან გვჭირდება. მიდგომასთან დაკავშირებით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, უბრალოდ, ჩვენი მენტალური მხარე არის ისეთი, რომელიც დღევანდელ ფეხბურთს არ უხდება.
არ შეიძლება ეს ყველაფერი. კონკრეტულ ინდივიდებზე არ მაქვს საუბარი, ყველას გვეხება. ფაქტია, ეს უნდა გამოსწორდეს და დავიბრუნოთ კავშირი, ერთიანობა გულშემატკივართან. ყველა ერთად ვუყურებდით, როგორ გვაკლდებოდა გულშემატკივარი სტადიონზე თამაშიდან თამაშამდე.
ძალიან კარგად ვიცი ჩვენი ხასიათი და ისიც, რომ გულშემატკივარი სტადიონზე მაშინ მოდის, როცა კარგი პერიოდი გვაქვს. ასე იყო ყოველთვის და ახლაც ასეა. ამიტომ, ვალდებულები ვართ, გულშემატკივრის რეაქციას ვუპასუხოთ ჩვენი კარგი თამაშით და ერთიანობით, რომელიც ამ შეკრებაზე ნამდვილად შეინიშნებოდა, თუნდაც, განსხვავებით წინა შეკრებისგან.
თუმცა, მაინც არ იყო საკმარისი, რომ ასეთი თამაში არ წაგვეგო. პირველი ტაიმი წასაგები კი არა, პირიქით, თუ ვინმეს გოლი უნდა გაეტანა, ჩვენ ვიყავით. სამწუხაროდ, გვაკლდება დეტალი, რაც იმის ნიშანია, რომ თითოეული ჩვენგანი რაღაცას ვაკლებთ.
ამაზე ვსაუბრობ და ეს ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, რომ ამ დეტალებმა ჩვენ კი არა, ჩვენი მეტოქე დააზიანოს. ფეხბურთში ერთიანობა აუცილებელია.
არ მიგულისხმია არცერთი ინდივიდი, არამედ, ეს არის მთლიანი ცვლილება, როგორც სუფთა საფეხბურთო, ფსიქოლოგიური, მენტალური, არამარტო შეკრებაზე, ყველაფრის ცვლილება და ისე გაკეთება, როგორც წარმომიდგენია. ვცდილობთ, რომ შევიცვალოთ, დაწყებულია მუშაობა.
აუცილებლად უნდა ვთქვა ეს: რამდენიმე დღეა, ბევრ ადგილზე შემხვდა, რომ ისევ ჭაობში დავეშვით... გარწმუნებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჭაობში არ დაეშვება. მარტში გვექნება პლეი ოფი, რომელსაც ეროვნული ნაკრები დაძლევს.
ფაქტია, არ ვიყავით მზად A დივიზიონისთვის, მაგრამ შეგვწევს ძალა და გვაქვს პოტენციალი, რომ ადგილი შევინარჩუნოთ B დივიზიონში და ეტაპობრივად გავზარდოთ სათამაშო ხარისხი.
1 თვეა გუნდთან ვმუშაობ. ძალიან კარგად ვიცოდი თუ სად მოვდიოდი, რადგან 8 წელია ერთად მოვდივართ. ახლაც ერთად ვართ ამ კრიზისის მონაწილეები. ამიტომ, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პერიოდი დავძლიოთ, გვაქვს ამ კრიზისების დაძლევის გამოცდილება.
ეს ტვირთი ჩემზე მოდის, მე უნდა ვზიდო, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, თუ რა შეგვიძლია თუ ის ყველაფერი შესრულდება, რაზეც ვმუშაობთ. გარწმუნებთ, რომ მარტიდან აბსოლუტურად განსხვავებულ ნაკრებს ნახავთ, ისეთს, რომლის ნახვა ყველას გვინდოდა".
პოტენციური მეტოქეები გაირკვა - ვის შეხვდება საქართველო B ლიგაში დასარჩენად?

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები