-
Aa
+
ფონტის ზომა
ფიფას ახალი გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ყველა ტურნირზე გუნდებს დაევალებათ, სამწვრთნელო შტაბში მთავარი მწვრთნელი ქალი ან მინიმუმ ერთი ქალი ასისტენტი ჰყავდეთ.
ახალი რეგულაცია ძალაში მიმდინარე წლის სექტემბერში, 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე შევა. მოგვიანებით კი წესი სრულად გავრცელდება ისეთ დიდ ტურნირებზე, როგორიცაა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში, ქალთა ჩემპიონთა თასი და ქალთა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.
ეს ნაბიჯი ფიფას იმ ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მაღალ დონეზე ქალი მწვრთნელების დეფიციტის აღმოფხვრას. „დღეს ფეხბურთში ქალი მწვრთნელები საკმარისი რაოდენობით არ არიან. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ცვლილებების დასაჩქარებლად, მეტი შესაძლებლობა შევქმნათ და გავზარდოთ მათი ხილვადობა“, - განაცხადა ცნობილმა სპეციალისტმა ჯილ ელისმა.
მას შემდეგ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდა, რადგან რამდენიმე გუნდმა არჩევანი მამაკაც სპეციალისტებზე შეაჩერა. კიდევ უფრო შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ იმავე ტურნირზე 6 გუნდის სამწვრთნელო შტაბში არცერთი ქალი (არც მთავარი და არც ასისტენტი) არ ირიცხებოდა.
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ წლის დასაწყისშივე აღიარა, რომ ფეხბურთმა მეტი უნდა გააკეთოს ქალების მხარდასაჭერად: „ჩვენ მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი ქალებს ხელმძღვანელ პოზიციებზე... შესაძლოა, ქალთა გუნდებში მეტი ქალი მწვრთნელი გვჭირდება“.
მიუხედავად იმისა, რომ ქალთა ფეხბურთის პოპულარობა და კომერციული ღირებულება სწრაფად იზრდება, მენეჯერულ პოზიციებზე წინსვლა შენელებულია. ფიფას იმედი აქვს, რომ ეს გადაწყვეტილება „დომინოს ეფექტს“ გამოიწვევს შიდა ჩემპიონატებსა და ახალგაზრდულ სისტემებშიც, რაც ყოფილ ფეხბურთელებს სამწვრთნელო კარიერის დაწყებისკენ უბიძგებს.
ამ პოლიტიკას უკვე მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა. მომხრეები მიიჩნევენ, რომ სტრუქტურული ჩარევის გარეშე პროგრესი ძალიან ნელი იქნება. კრიტიკოსები კი ეჭვობენ, შეძლებს თუ არა მხოლოდ მანდატები ისეთი ღრმა სისტემური ბარიერების დაძლევას, როგორიცაა განათლებაზე წვდომა და შერჩევისას არსებული მიკერძოებული მიდგომები.
მიუხედავად ამისა, ისეთი წარმატებული სპეციალისტების მაგალითი, როგორებიც არიან ემა ჰეისი, სარინა ვიგმანი და ჯემა გრეინჯერი, ამტკიცებს, რომ ქალებს უმაღლეს დონეზე მუშაობა ბრწყინვალედ შეუძლიათ. ახლა ჯერი ფედერაციებზეა, მათ დროულად უნდა მოძებნონ და შტაბებში დაასაქმონ კვალიფიციური კადრები, რათა ახალ მოთხოვნებს ფეხი აუწყონ.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები