ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მე-10, საიუბილეო ტურნირი 2027 წლის 24 ივნისიდან 25 ივლისის ჩათვლით ბრაზილია უმასპინძლებს. მატჩები რვა ქალაქში ჩატარდება. ყველა ეს არენა ბრაზილიამ 2014 წლის მამაკაცთა მუნდიალისთვისაც გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ 2027 წლის ტურნირი ბოლო იქნება, რომელშიც 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რადგან 2031 წლიდან მონაწილეთა რაოდენობა 48-მდე იზრდება. ბრაზილიას, როგორც მასპინძელს, საგზური უკვე გარანტირებული აქვს. შეგახსენებთ, რომ მოქმედი ჩემპიონი ესპანეთია, რომელმაც 2023 წელს ფინალში ინგლისი დაამარცხა.
საკვალიფიკაციო ეტაპი ევროპაში: საქართველოს შანსი
ევროპული ნაკრებების საკვალიფიკაციო მატჩები 2026 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე ჩატარდება. 53 გუნდი, 2025 წლის ერთა ლიგის რეიტინგის მიხედვით, სამ ლიგაში (A, B და C) გადანაწილდა.
A ლიგის ოთხივე ჯგუფის გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს პირდაპირ მიიღებს, დანარჩენი 12 გუნდი კი ფლეი-ოფში გადაინაცვლებს.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩვენი გუნდი C ლიგის მეოთხე ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეობას საბერძნეთი და ფარერების კუნძულები გაუწევენ. ფლეი-ოფში მოსახვედრად საქართველომ ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დაიკავოს (ან გახდეს ორი საუკეთესო მეორეადგილოსნიდან ერთ-ერთი).
C ლიგის ჯგუფური განაწილება:
C1: ბოსნია-ჰერცეგოვინა, ესტონეთი, ლიტვა, ლიხტენშტაინი
C2: ხორვატია, კოსოვო, ბულგარეთი, გიბრალტარი
C3: უნგრეთი, აზერბაიჯანი, ჩრდილოეთ მაკედონია, ანდორა
C4: საბერძნეთი, ფარერის კუნძულები, საქართველო
C5: რუმინეთი, კვიპროსი, მოლდოვა
C6: ბელარუსი, ყაზახეთი, სომხეთი
ქვეყნების კვოტები და მასპინძელი ქალაქები
32 საგზური კონფედერაციებზე შემდეგნაირად გადანაწილდა: ევროპას 11 ადგილი ერგო, აზიას 6, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკას 4-4, სამხრეთ ამერიკას 3, ოკეანეთს 1, ხოლო დარჩენილი 3 საგზური კონტინენტთაშორის ფლეი-ოფში გათამაშდება.
მატჩებს ბრაზილიის რვა გამორჩეული ქალაქი უმასპინძლებს.
ტურნირის მთავარი არენა ლეგენდარული მარაკანა იქნება, რომელიც 78 838 მაყურებელს იტევს. სწორედ ამ სტადიონმა უმასპინძლა მამაკაცთა 1950 და 2014 წლების მუნდიალების ფინალებს, 2016 წელს კი აქ ოლიმპიური თამაშების ქალთა საფეხბურთო ფინალიც გაიმართა.