ინგლისის ნაკრების მასპინძლობა და ტრამპის პოლიტიკა: კანზას სიტი მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში
2026 წლის ივნისში ინგლისის ნაკრები ამერიკის გულში გაემგზავრება. მიუხედავად იმისა, რომ მათი მარშრუტი დალასს, ბოსტონსა და ნიუ-იორკს მოიცავს, გუნდის მთავარი ბაზა კანზას სიტიში იქნება. ინგლისელებს მეზობლობას არგენტინისა და ნიდერლანდების ნაკრებებიც გაუწევენ, რომლებმაც სავარჯიშოდ ასევე ეს ქალაქი აირჩიეს.
კანზას სიტის მერისთვის, ქვინტონ ლუკასისთვის, ეს ზაფხული ისტორიული შანსია. Arrowhead Stadium-მა შესაძლოა არგენტინისა და პორტუგალიის მეოთხედფინალს უმასპინძლოს, რაც მესისა და რონალდუს ბოლო დაპირისპირება იქნება. მერი ვარაუდობს, რომ ქალაქს 600,000 სტუმარი ეწვევა. „ეს იქნება ჩვენი პასუხი 1996 წლის ატლანტას ოლიმპიადაზე. შანსი, ვაჩვენოთ მსოფლიოს საუკეთესო ამერიკა: ჩვენი თავისუფლება და სტუმართმოყვარეობა,“ - ამბობს ლუკასი.
თუმცა, გლობალური ზეიმის პარალელურად, მერი აღიარებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობას. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა და ICE-ის (საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლი) ქმედებები ბევრ ტურისტში შიშს იწვევს. მინესოტაში მომხდარმა ტრაგიკულმა ინციდენტებმა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კითხვები უსაფრთხოების შესახებ კიდევ უფრო გაამძაფრა.
მიუხედავად იმისა, რომ ლუკასი დემოკრატია და ტრამპის შეხედულებებს არ იზიარებს, ის იმედოვნებს, რომ თეთრი სახლი ჩემპიონატის წარმატებითაა დაინტერესებული. მისი თქმით, ტრამპის რიტორიკაში ბევრია „ტყუილი მუქარა“, თუმცა რეალურად არავის აწყობს ტოქსიკური გარემოს შექმნა და ნახევრად ცარიელი სტადიონების წინაშე თამაში.
მერი განსაკუთრებით ამაყობს, რომ ინგლისის ნაკრებმა ბაზად Swope Soccer Village აირჩია. ეს არის თანამედროვე კომპლექსი, რომელიც ისტორიულად ფერადკანიანების დასახლებულ უბანში მდებარეობს. მისი თქმით, ეს სიმბოლურია იმ დაყოფილ ამერიკაში, სადაც ახლა ზოგიერთი ქვეყანა ჩემპიონატის ბოიკოსტაც კი განიხილავს.
„დარწმუნებული ვარ, ადმინისტრაცია აქცენტს საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე გააკეთებს და არა პოლიტიკურ თამაშებზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ტურისტებისთვის ვიზების მიღების პროცესი და აქ ყოფნა დაძაბულობის გარეშე წარიმართოს,“ - აცხადებს ლუკასი.