სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში ქართველი ფეხბურთელები შესანიშნავად გამოიყურებოდნენ.
გიორგი გაგუასა და ცოტნე კაპანაძის დუნაისკა სტრედამ მოქმედი ჩემპიონი ბრატისლავის სლოვანი 2:0 დაამარცხა. კაპანაძე ბოლო დროს განაცხადში არ არის, ხოლო გაგუამ შეუცვლელად ითამაშა და 90+4-ე წუთზე შესრულებული საგოლე გადაცემით გეიემ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ დუნაისკას ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ექვს შეხვედრაში ორი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა.
ლევან ნონიკაშვილის სკალიცა სტუმრად კომარნოს ეთამაშა (0:0), სადაც ქართველი ნახევარმცველი 90+3-ე წუთზე შეცვალეს. თორნიკე ძოწენიძის მიხალოვცემ საკუთარ არენაზე გია ნადარეიშვილის ტრენჩინი 3:1 დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ 37-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა.
ქართველებიდან მხოლოდ ძოწენიძემ ითამაშა, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო, 50-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა და 8,4 ქულით საუკეთესო მოთამაშეთა სამეულში მოხვდა.
სანდრო ნარიმანიძის ჟილინამ კი ლუკა სილაგაძის პოდბრეზოვას დამაჯერებლად, 3:1 მოუგო. ნარიმანიძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო სილაგაძე მოედანზე 74-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.