2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშები ახლოვდება. საქართველო ოლიმპიადაზე 28 სპორტსმენით წარსდგება, საიდანაც 7 ქალი იქნება.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები 2024
ძიუდოში საქართველოს სახელით ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი და სოფიო სომხიშვილი გამოვლენ.
ტყვიის სროლაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას ლეგენდარული ნინო სალუქვაძე დაიცავს, რომელიც ქართული დელეგაციის მედროშეც იქნება.
ბატუტზე ხტომაში საქართველოდან ლუბა გოლოვინა წარსდგება, მძლეოსნობაში - ლიკა ხარჩილავა, ხოლო ცურვაში - ანა ნიჟარაძე.
ქართველი ქალი ოლიმპიელები ყველა ეპოქაში ახერხებდნენ წარმატების მიღწევას. ოლიმპიადის ისტორიაში სულ 10 ქართველ ქალს აქვს სხვადასხვა სინჯის მედალი მოპოვებული.
10-დან 3 ქართველი ქალი გამხდარა ოლიმპიური ჩემპიონი.
პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი ლეგენდარული ტანმოვარჯიშე მედეა (მზია) ჯუღელია, რომელმაც 1952 წელს ჰელსინკიში ოქროსთან ერთად ვერცხლის მედლის მოპოვებაც შეძლო.
სიაში მომდევნო ქეთევან ლოსაბერიძეა, რომელიც დღემდე რჩება პირველ და ერთადერთ ევროპელ ქალად, რომელიც მშვილდოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონია. მან ეს 1980 წელს მოსკოვში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებზე შეძლო. ლოსაბერიძე მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონიც გამხდარა.
მე-3 და დღეისთვის ბოლო ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი ასევე ლეგენდარული ნინო სალუქვაძეა, რომელმაც 1988 წელს სეულში მოახერხა ოქროს მედლის მოპოვება და იმავე თამაშებზე ვერცხლის პრიზიორიც გახდა.
სალუქვაძემ 20 წლის შემდეგ, 2008 წელს ბეიჯინგში, კვლავ მოახერხა ოლიმპიური მედლის მოპოვება. მან ამჯერად ბრინჯაო დაიმსახურა. 2024 წელს ნინო სალუქვაძე რეკორდულ მე-10 ოლიმპიადაზე იასპარეზებს და კანადელ ცხენოსან იან მილარს გაუთანაბრდება. მან ქალების რეკორდი მე-9 ოლიმპიადაზე ასპარეზობით უკვე მოხსნა.
ისტორიაში კიდევ შვიდმა ქართველმა ოლიმპიელმა ქალმა მოახერხა მედლის მიღება.
1952 წელს ჰელსინკიში ჯუღელთან ერთად მძლეოსნებმა - ნადეჟდა ხნიკინამ და ნინო დუმბაძემ შეძლეს ბრინჯაოს მედლის მოპოვება.
1956 წელს მელბურნში მძლეოსანმა ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინამ მეორე ოლიმპიური ბრინჯაო დაიმსახურა.
1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე ქეთევან ლოსაბერიძესთან ერთად ოლიმპიური პრიზიორები მძლეოსანი საიდა გუნბა (ვერცხლი) და წყალში მხტომელი ლიანა ცოტაძე (ბრინჯაო) გახდნენ.
1988 წლის სეულის ოლიმპიურ თამაშებზე ნინო სალუქვაძის ოქროსა და ვერცხლის მედლებს მძლეოსანი მაია აზარაშვილის ბრინჯაო დაემატა.
1992 წელს კი ჩოგბურთელმა ლეილა მესხმა შეძლო წყვილთა თანრიგში ბრინჯაოს მედლის მოპოვება.
ბოლო ქართველი ქალი, რომელიც ოლიმპიადის მედალოსანი გახდა ნინო სალუქვაძეა, რომელმაც 2008 წელს ბეიჯინგში შეძლო ბრინჯაოს მოგება.
წარმატებები ვუსურვოთ ჩვენებს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე!