საქართველოს ჩემპიონატის 26-ე ტურში ქართული დერბი გაიმართა.
ქუთაისის ტორპედომ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დინამო თბილისი მიიღო.
43-ე წუთზე მასპინძელთა მხრიდან გოლი კომნენ ანდრიჩმა გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა და პირველი ტაიმი 0-0 დასრულდა. 48-ე წუთზე ქუთაისურმა გუნდმა ანგარიში მაინც გახსნა. ანდრიჩმა ამ შემთხვევაში საგოლე პასი მიითვალა, თავი კი ბიორნ იონსენმა გამოიჩინა.
71-ე წუთზე დინამო თბილისმა პენალტის დარტყმის უფლება მიიღო, რომელიც თორნიკე მორჩილაძემ შეასრულა ზუსტად და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ მატჩი ასეც დასრულდა და გუნდებმა თითო ქულა მოიპოვეს.
26 მატჩის შემდეგ დინამო თბილისს 42 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, ტორპედო კი 40 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.
ბომბარდირთა დავაში ქუთაისელთა ნორვეგიელ თავდამსხმელ ბიორნ იონსენს 11 გოლი დაუგროვდა და იური ტაბატაძესა და გიორგი ფანცულაიას გაუთანაბრდა.
მომდევნო ტურში დინამო დინამო არენაზე გორის დილას მიიღებს, ტორპედო კი საგარეჯოს გარეჯს ესტუმრება.